საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევაში პრემიერ-მინისტრიც ჩაერთვება.
ეს განცხადება კობახიძემ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. არასამთავრობოებმა საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზა ომბუდსმენობის 4 კანდიდატი: ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი და ვახუშტი მენადე.
კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევაზე ხვალ, 24 ნოემბერს გაიმართება.
“ეს არის უმრავლესობის გადასაწყვეტი. გვექნება კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა. მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა უმრავლესობისა და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციებში. ჩემთვის პირადად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ კანდიდატებიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა და ამ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში ერთ კანდიდატს წარადგენენ, თუ ვინ იქნება ის, ამას უმრავლესობა გადაწყვეტს.
“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, საერთაშორისო მისიებთან. უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა და შემდეგ სასესიო კვირაში კენჭი ეყრება. სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიმართება უმრავლესობის შესაბამისი სხდომა. იქ მიიღება, ალბათ, შესაბამისი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატი უნდა დასახელდეს ჩვენ მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.