ნეტგაზეთი | ბედუკაძე პრეზიდენტს უჩივის, პრემიერს კი ქვეყნის გადამრჩენად მიიჩნევს ბედუკაძე პრეზიდენტს უჩივის, პრემიერს კი ქვეყნის გადამრჩენად მიიჩნევს – Netgazeti
RU | GE  

ბედუკაძე პრეზიდენტს უჩივის, პრემიერს კი ქვეყნის გადამრჩენად მიიჩნევს

საქართველოს მთავარი პროკურორის ცნობით, ვლადიმერ ბედუკაძემ ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალა 2011 წლის სექტემბერში გადასცა გიორგი ლომიას (ამჟამად “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი), როდესაც ბედუკაძე ჯერ კიდევ გლდანის #8 დაწესებულების მოქმედი თანამშრომელი იყო. თუმცა ვიდეომასალა 2012 წლის 18 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე გასაჯაროვდა.

ვლადიმერ ბედუკაძე სასჯელაღსრულების სისტემაში 2001 წლიდან მუშაობს. როგორც მან დღეს, 10 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატიმრების წამებამ საპყრობილეებში სისტემური ხასიათი 2006–2007 წლებში მიიღო, როცა სასჯელაღსრულების სისტემას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. 

 

ბედუკაძის თქმით,  2010 წლიდან ციხის თანამშრომლებს კამერები დაურიგდათ და წამების პროცესის ფირზე აღბეჭდვა დაევალათ. ამ დროს სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტს ხათუნა კალმახელიძის იკავებდა.

 

ბედუკაძე ამბობს, რომ ამ პროცესებში [პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში] საპყრობილეების 5000 თანამშრომელი მონაწილეობდა, რადგან ბრძანებას ყველა ასრულებდა, თუმცა იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, “ანგელოზი არავინ არის”, მათ შორის არც ის, თუმცა მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში ის ცდილობდა, ინფორმაცია გარეთ გამოეტანა:

 

“მე ვთანამშრომლობდი “ასავალ–დასავალის” ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთან, რომელსაც ვაწვდიდი ინფორმაციას და იგი ამ ინფორმაციას გაზეთში ბეჭდავდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი”, – ამბობს ბედუკაძე და დასძენს, რომ ეს ხდებოდა მანამ, სანამ წამების ამსახველ კადრებს გარეთ გამოიტანდა.

 

ლადო ბედუკაძე
ლადო ბედუკაძე

ვლადიმერ ბედუკაძის თქმით, მან წამების ამსახველი ვიდეომასალა გიორგი ლომიას 2011 წლის სექტემბერში გადასცა. ამ დროს ის მე-8 საპყრობილის ოპერატიული მორიგე ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს თავად ლომიაც, რომელმაც ბედუკაძე მაშინ გაიცნო, როდესაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა. პატიმრობის პერიოდში [2010 წელს] გაიცნო ლომიამ, ასევე, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ძმა. ირმა ინაშვილი მაშინ “ობიქტივში” მუშაობდა და ჩართული იყო “წინააღმდეგობის მოძრაობის” აქტივობებში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ხელმძღვანელობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თარხან-მოურავმა პოლიტიკური პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ჩამოაყალიბა, რომლის გენერალური მდივანიცაა ამ დროისთვის გიორგი ლომია.

 

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ გიორგი ლომიას ვიდეომასალა 2011 წლის სექტემბერში გასაჯაროების უფლების გარეშე გადასცა. 

 

“როგორ შეიძლება მე უფლება არ მიმეცა, არ ვიცი. რა იგულისხმა, არ ვიცი. თუ განმარტებას მოვისმენ, რა იგულისხმება ამაში, შემდეგ მეც განვმარტავ”, – ამბობს ინაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ ვლადიმერ ბედუკაძე.

 

თავად გიორგი ლომია “პალიტრა TV”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ბედუკაძეს მისთვის ეს კადრები გასავრცელებლად არ გადაუცია.

 

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ მთავარმა პროკურორმა დაადასტურა, რომ წამების ამსახველი ვიდეომასალა კონკრეტულ ჯგუფს გადაეცა რამდენიმე ხნით ადრე, “ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებდა, რომ ის აპირებს საქართველოს ხელში ჩაგდება.” 

 

ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნების თაობაზე საჯარო განცხადება 2011 წლის 4 ოქტომბერს გააკეთა, თუმცა ვლადიმერ ბედუკაძე უარყოფს რაიმე კავშირს ამ ორ მოვლენას შორის. როგორც ბედუკაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, როდესაც კადრები გარეთ გამოჰქონდა, მას საერთოდ წარმოდგენაც კი არ ჰქონია, თუ რას აპირებდა ბიძინა ივანიშვილი: 

 

“საიდან უნდა მცოდნოდა? ნოსტრადამუსი ხომ არ ვარ?” – ამბობს იგი.

 

რატომ არ მოხდა კადრების გადაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მათი გასაჯაროება? – ამ კითხვას ბედუკაძე პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს კადრები მანამდე გავრცელდებოდა, არსებობდა მისი ლიკვიდაციის დიდი შანსი, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კადრების გავრცელება მხოლოდ მას შემდეგ მომხდარიყო, რაც იგი საქართველოს დატოვებდა. ვლადიმერ ბედუკაძე ბელგიაში 2012 წლის 23 ივნისს გაემგზავრა. ბედუკაძის თქმით, იგი უცხოეთში პირველად მიდიოდა და უსაფრთხოების საკითხებს ტექნიკური საკითხებიც დაემატა, რამაც კადრების გავრცელების გაჭიანურება გამოიწვია.

 

“გასაჯაროება დაკავშირებული იყო ძალიან ბევრი პირობის შესრულებასთან, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვდა. ჩვენ ყველა პირობა პატიონსად, ზნეობრივად, გადაჭარბებით შევასრულეთ”, – განმარტავს ირმა ინაშვილი.

 

“ბედუკაძემ დააყენა რიგი მოთხოვნების და ჩვენ ყველა მოთხოვნა შევასრულეთ, მე მეტს გეტყვით, იმაზე მეტი შევასრულეთ, რაც მან მოითხოვა, კიდევ ცალკე ხარჯები დაგვიჯდა იქ მისი რაღაც-რაღაცეები ევროპაში, ათი ათეულობით ათასი ევრო დაიხარჯა ბედუკაძეზე,” – აცხადებს გიორგი ლომია.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თქმით, “ბედუკაძემ თვითონ აწამა, თვითონ გადაიღო ეს ყველაფერი, თვითონ იყო პროდიუსერი, თვითონ იყო მთავარი როლის შემსრულებელი, თვითონ იყო რეჟისორი და ლამის ოსკარზე წარადგინა შემდგომ პროკურატურამ, გამოაცხადეს პრაქტიკულად გმირად”. 

 

– “2011 წლის ზაფხულში ეს ფირები კონკრეტული ჯგუფის თუ ადამიანის, არცთუ ისე ღარიბის შეკვეთით გადაღებული, იმიტომ რომ ამაში დიდი ფული იქნა გადახდილი, აღმოჩნდა ამ, რბილად რომ ვთქვათ, არაღარიბი ადამიანის ხელში, შემდგომი პოლიტიკური გამოყენების მიზნით”, – განაცხადა 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ როდესაც დაასახელა ის არგუმენტები, თუ რატომ გაათავისუფლა საპროცესო გარიგების შედეგად ვლადიმერ ბედუკაძე სრულად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ხაზგასმით აღნიშნა: “ამ ადამიანს არ უვაჭრია და ფული არ გაუკეთებია ამ ვიდეომასალებით”. მისივე თქმით, როდესაც ვიდეოამასალა ბედუკაძემ გადასცა გასავრცელებლად, მას პოლიტიკურ შეღავათზე არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე მოლოდინი.

 

ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ სასამართლოში სარჩელი შეაქვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ცილისწამებაში ადანაშაულებს. ციხის ყოფილი ბადრაგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ იგი მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის პრეზიდენტის ფინანსურ სანქცირებას არ მოითხოვს, რადგან ფულის მიღება მისი მიზანი არ არის.

 

ბედუკაძე, ასევე, უარყოფს, რომ მას იმ პროცესში, რასაც ზემოხსენებული კადრების სააშკარაოზე გამოტანა ჰქვია, “ქართულ ოცნებასთან” რაიმე სახის შეხება ჰქონდა. იგი აცხადებს, რომ ამ ე.წ. “კავშირის” დადგენას წინა ხელისუფლება უშედეგოდ ცდილობდა: 

 

“სწორედ ამ წრის შესაკვრელად აწამეს მათ ბორის ფარულავა ციხეში, რომ მისგან აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინათ. ამიტომ დააცალეს ფეხზე ფრჩხილები, რომ საქმეში თამაზ თამაზაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი გაეხვიათ”.

 

წინა ხელისუფლების დროს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შსს-სა და პროკურატურის მაშინდელი წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ კადრების მესამე პირთათვის გადაცემას ორგანიზებას უწევდნენ თამაზ თამაზაშვილი (ამჟამინდელი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი) და თამაზ ელიზბარაშვილი.

 

გლდანის ციხეში პატიმართა წამების ორგანიზების საქმეზე, 2012 წლის 28 დეკემბერს პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს. პროკურატურის ცნობით, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე დაიყოლიეს, რომ N8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში ეცემათ, დაემცირებინათ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ პატიმრებისათვის, რასაც ლევან ფურცხვანიძე ფარული ვიდეოკამერით გადაიღებდა. მეტი დამაჯერობლობისათვის, დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ საპყრობილის თანამშრომლებს „ბასტის”, იგივე ბორის ფარულავას და „ბუბუს”, იგივე ლევან ფხალაძეს, ისე, რომ ამ უკანასკნელებს არაფერი სცოდნოდათ მათი ქმედების ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით. ლ. ფურცხვანიძეს, ბ. ფარულავას და ლ. ფხალაძეს  წინასწარ შერჩეულ საკანში უნდა ჩაეტარებინათ შემოწმება, გაეშიშვლებინათ პატიმრები, მუხლებზე დაეჩოქებინათ და მიეყენებინათ მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დავალების მიხედვით, ლევან ფურცხვანიძეს შეურაცხყოფის დროს უნდა წარმოეთქვა პატიმრების პატივისა და ღირსების შემლახავი უკიდურესად დამამცირებელი სიტყვები, რადგანაც ეს იყო სწორედ ის სიტყვები, რაც ვლადიმერ ბედუკაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე უნდა ყოფილიყო ასახული. ამის შემდეგ, ლევან ფურცხვანიძეს საჯაროდ უნდა ეღიარებინა, რომ ,,ქართული ოცნების” წარმოამდგენლებმა ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეუკვეთეს, ციხეში პატიმრების წამება, რაც შეასრულა კიდეც და კადრები გადასცა ვლადიმერ ბედუკაძეს. ამისთვის, ლ. ფურცხვანიძეს მხოლოდ სამი თვით დააპატიმრებდნენ, რაც ასევე შეთანხმებული იყო ზურაბ ადეიშვილთან. 

 

ადეიშვილს ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული, რადგან ის მიმალვაში იმყოფება, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მეშვეობით საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

 

ბორის ფარულავა, იგივე “ბასტი”, რომელიც ლადო ბედუკაძის ყოფილი თანამშრომელი და მეგობარია, ერთ–ერთი იმ პირთაგანია, ვისაც წინა ხელისუფლების დროს პროკურატურამ ბრალი წაუყენა, თუმცა საპროცესო გარიგების საფუძველზე ცოტა ხნის წინ ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისი ადვოკატი ელზა ჯმუხაძე ამტკიცებს, რომ ციხეში წამების ამსახველი მასალების გამოქვეყნებაში წვლილი მასაც მიუძღვის, რადგან სწორედ მან შეიტანა პატარა კამერა, რომლითაც კიდევ ერთმა ბადრაგმა – დათა აკობიამ კარანტინის დაშლის კადრები გადაიღო.

 

2012 წლის სექტემბერში გამოძიებამ გაავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანდა, თუ როგორ აწამებდა ფარულავა კიდევ ერთ ბადრაგ ფხალაძესთან ერთად (მეტსახელად “ბუბუ”) პატიმრებს. შსს–ს მაშინდელი მაღალაჩინოსნების მტკიცებით, ბასტი და ბუბუ პატიმრებს სპეციალურად აწამებდნენ თამაზ თამაზაშვილის დავალებით, რათა ეს შემდეგ ფირზე აღებეჭდათ და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, რომ თითქოს სასჯელაღსრულების უწყებაში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

 

დღეს ბორის ფარულვამ განაცხადა, რომ მან “ზურაბ ადეიშვილის მიერ დადგმულ” კადრებში მონაწილეობა ზეწოლის შედეგად მიიღო, რადგან მას რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ და სცემდნენ. 

 

“ჩემი სურვილი რა იყო, მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს – მინდოდა, რომ ეს მანკიერი წინა ხელისუფლების რეჟიმი დამარცხებულიყო. საქართველოში იყო ძალიან ცუდი პირობები, რაზეც ძალიან ვწუხდი და ჩემი შესაძლებლობის პირობებში ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს წამება არ ყოფილიყო. ჩემი ოჯახის და ჩემი პირადი ცხოვრებაც კი გადავდე იმისთვის, რომ გამეკეთებინა საქართველოსთვის რაღაც სიკეთე. ის რისკები, რაც მე გავწიე და ჩემმა მეგობრებმა ბევრისთვის შეიძლება ცნობილი არ იყო. ეს იყო ძალიან დიდი რისკი. ამხელა რეჟიმს დავუპირისპირდით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. დანარჩენი კრიტიკოსებმა თვითონ ამტკიცონ. რატომ მაწამეს მაინცდამაინც მე? ჩემგან ითხოვდნენ არარეალურის აღიარებას, რაზედაც უარი განვუცხადე”, – განაცხადა ფარულავამ.

 

ლადო ბედუკაძე, რომელსაც საგამოძიებო უწყებამ ბრალი 7 ეპიზოდით წაუყენა და შემდგომ საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ მეტისმეტად ლოიალური სასჯელი შეეფარდათ წამებაში ბრალდებულ სხვა პირებს, მაგალითად, გაგა მკურნალიძეს. იგი ამტკიცებს, რომ იმ პატიმრებმა, რომლებმაც წამებაში დაადანაშაულეს, ეს წინა ხელისუფლების დროს ზეწოლის შედეგად გააკეთეს. ერთ-ერთი მათგანი იყო დათა აკობია, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი ოფიცერი, რომლის ჩვენება წინა ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოებმა 2012 წლის 19 სექტემბერს გაავრცელეს. მან განაცხადა, რომ დაპირდნენ “სერიოზული თანხის” გადახდას, თუკი წამების კიდევ ერთ კადრს გადაიღებდა, რაც გააკეთა კიდეც 2012 წლის 24 აგვისტოს, რომელიც მეორე დღეს გადასცა ბორის ფარულავას:

 

“მან მითხრა, რომ ეს კადრიო უნდა გაუგზავნო ლადო ბედუკაძესო, რომელიც იმყოფება ბელგიაშიო. შენც დაგიკავშირდება 28–შიო. 28 აგვისტოს ლადო ბედუკაძე დამიკავშირდა “სკაიპით” და მითხრა, რომ ყველანაირად დაგეხმარებიო, ფულითაც და ყველაფრითო, ოღონდ ჩემთან უნდა მოხვიდეო. გზის ფულს მოგცემს ბორის ფარულავაო, რაც საჭირო არისო, დანარჩენს მე მივხედავო, აქ რომ ჩამოხვალო”, – აღნიშნავდა აკობია ჩვენებაში.

 

ბედუკაძე აპირებს უჩივლოს ყველას, ვინც მისი მისამართით ცრუ დასმენა განახორციელა:

 

“ის, რაც მე გავაკეთე [კადრების გავრცელება], ჩემი სამოქალაქო ვალდებულება იყო. არც გმირი ვარ და არც ჯალათი”, – ამბოსბ ბედუკაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

იგი უახლოეს მომავალში არასამთავარობო ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემასა და ძალოვან უწყებებში საზოგადოებრივი კონტროლს განახორციელებს. ბედუკაძის თქმით, ორგანიზაცია იქნება მებრძოლი და შესაბამის დაწესებულებებში პატიმრების და დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს დაიცავს. 

 

“ამით მე დავამტკიცებ ჩემს როლს, თუ რატომ მოხდა საერთოდ ამ კადრების გავრცელება”.

 

ბედუკაძე მადლობას უხდის მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რომელმაც მასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, კბილაშვილის ამ გადაწყვეტილებას კოალიცია “ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერი, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც არ დაეთანხმა. ბედუკაძე კი აცხადებს, რომ იგი პრემიერთან დაპირისპირებას არ აპირებს, რადგან ივანიშვილი საქართველოს გადამრჩენად მიაჩნია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge