ახალი ამბები

პუტინი, ერდოღანი, რუჰანი – სამი ქვეყნის ლიდერმა სირიის კრიზისზე იმსჯელა

22 ნოემბერი, 2017 • 2476
პუტინი, ერდოღანი, რუჰანი – სამი ქვეყნის ლიდერმა სირიის კრიზისზე იმსჯელა

22 ნოემბერს რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში, თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერებმა სირიის კრიზისის მოგვარებისა და ტერორიზმთან გამკლავების გზებზე იმსჯელეს. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ვლადიმერ პუტინმა და ჰასან რუჰანიმ 6-წლიანი კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე მსჯელობისას, გასულ წელს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მის შედეგებთან ერთად, ის გამოწვევებიც განიხილეს, რომლებიც ვითარების ესკალაციას უწყობენ ხელს. ლიდერებმა გაახმიანეს ერთგვარი “კონგრესის” მოწვევის ინიციატივა, რომელშიც სირიის სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალები შევლენ.

შეხვედრის შედეგებისა და სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, საკმაოდ მწვავე განცხადებები გახმიანდა ირანის ლიდერ რუჰანის მხრიდან. მისი თქმით, სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფო” დამარცხდა, თუმცა ხაზი გაუსვა “გარე ჩარევას” სირიის კონფლიქტში, როცა მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებიც დემოკრატიის დაცვის საბაბით მოქმედებდნენ, არაბულ ქვეყანაში ქაოსი შექმნეს.

“თუ გარკვეულმა ქვეყნებმა ამ ყალბი კონფლიქტიდან რაიმე გაკვეთილი უნდა მიიღონ, ეს არის შემდეგი: ძალები, რომლებიც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ, არ მიმართავენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ტერორიზმი და ძალადობა, რათა მათ მოკლევადიან მიზნებს მიაღწიონ რეგიონში”, – აღნიშნა რუჰანიმ

ირანის ლიდერის თქმით, წუხს იმის გამო, რომ ქვეყნები, რომლებიც “აშშ-ისა და ისრაელის კურსს მიჰყვებიან”, ცდილობენ, ჩამოაგდონ განხეთქილება რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებასაც გულისხმობს. მისი თქმით, მათგან განსხვავებით, “ირანის პოლიტიკა ეფუძნება თანამშრომლობას და არა კონფრონტაციას”.

სირიის კონფლიქტსა და მისი მოგვარების გზებზე საუბრისას, ირანის ლიდერისგან განსხვავებით, ნაკლებად კრიტიკული ტონით გამოირჩეოდა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც აღნიშნა, რომ ერაყისა და სირიის ტერიტორიის ISIS-სგან გათავისუფლებით კრიზისის რეგულირების ახალი გზები გაიხსნა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ, სწორედ პუტინმა გაახმიანა სირიის ერთობლივი “კონგრესის” მოწვევის იდეა, რომლის ფორმატშიც ქვეყნის ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმების პერსპექტივაზე იმსჯელებენ.

“ჩვენი საერთო აზრით, კონფლიქტის ზონაში მიღწეულმა წარმატებებმა, ერაყისა და სირიის ტერორისტებისგან გათავისუფლებამ, გზა გაუხსნა ახალ პერსპექტივებს კონფლიქტის მოსაგვარებლად. ვგულისხმობ კრიზისის ნორმალიზების გრძელვადიან პერსპექტივას, რაც გამოიხატება პოლიტიკურ შეთანხმებაში პოსტკონფლიქტურ პერიოდში.
ჩვენ შევთანხმდით, შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი სათანადო დონეზე და უზრუნველვყოთ მასში სირიის საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობა”, – აღნიშნა პუტინმა.

“შევთანხმდით, დავაფუძნოთ მრავალმხრივი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესი, სირიელი ხალხის თაოსნობით”, – ასე დაახასიათა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა. მისი თქმით, სირიის მომავალ პოლიტიკურ პროცესებში საკვანძო როლი უნდა ითამაშოს როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ხედვებმა.

“არავინ უნდა ეცადოს, ერთ საფარქვეშ მოგვაქციოს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან”, – აღნიშნა ერდოღანმა და გამოცემა “ჰურიეთის” ცნობით, ირიბად მიანიშნა “სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვით გაერთიანებაზე”(YPG) – ქურთულ სამხედრო მილიციაზე სირიაში, რომლის მიმართ კრიტიკასაც ერდოღანი არც აქამდე იშურებდა, რამდენიმე დღის წინ კი ღიად განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთი ქურთული შენაერთებისგან უნდა გაიწმინდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყისა და სირიის ტერიტორია “ისლამური სახელმწიფოსგან” თითქმის გაიწმინდა, ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში ტერორისტული ორგანიზაციის მცირე ძალები კვლავ რჩებიან. ე.წ. “ხალიფატს”, რომელმაც 2014 წელს, სირია-ერაყის ტერიტორიების მესამედის დაკავების შემდეგ, ათასობით სიცოცხლე იმსხვერპლა, სამივე ზემოაღნიშნული ქვეყანა ებრძვის, თუმცა მათი პოზიციები სირიის შიდაპოლიტიკასთან დაკავშირებით იყოფა: თუ რუსეთი და ირანი ასადის რეჟიმს ღია მხარდაჭერას უცხადებენ, ერდოღანი ღიად აღნიშნავს, რომ “სირიელებისთვის შეუძლებელია, მხარი დაუჭირონ დიქტატორს, რომლის კისერზეც 350 000 ადამიანის სიცოცხლეა”.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 28 ნოემბერსაა ჩანიშნული. მანამდე, საუდის არაბეთის დედაქალაქ არ-რიადში ერთმანეთს ოპოზიციის განსხვავებული ხედვების მქონე ბანაკები ხვდებიან, რათა ერთ პოზიციაზე შეჯერდნენ. მათი ნაწილი მოლაპარაკებების დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევს, სანამ ბაშარ ასადი პოსტზე რჩება, სხვები კი შედარებით ზომიერ პოლიტიკას ემხრობიან. ყოველივე ამის ფონზე, რთულია პროგნოზირება, რა გამოხმაურება მოჰყვება სამი ლიდერის მიერ გახმიანებული “კონგრესის” იდეას, რომელიც ჯერ მხოლოდ ზეპირი განცხადებების საგნად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი