ახალი ამბები

ომბუდსმენი: სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები უნდა იყოს დაცული

22 ნოემბერი, 2017 • 1508
ომბუდსმენი: სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები უნდა იყოს დაცული

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები იქნას დაცული.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მოვლენებზე დაკვირვება დაიწყო:

“ჩვენ დავიწყეთ ამ მოვლენების დაკვირვება. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე, არის ის, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, ჯანმრთრლობა და მათი უფლებები. სპეცოპერაციების ჩატარებას აქვს თავისი წესი, რომელიც მკაცრად არის კანონით გაწერილი და ამიტომ აუცილებელია ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდეს და ყველაფერი იქნას გაკეთებული, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები იქნას პირველ რიგში დაცული” – თქვა სახალხო დამცველმა.

სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ. თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი