ახალი ამბები

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა

21 ნოემბერი, 2017 •
ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა

37-წლიანი მმართველობის შემდეგ ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა. უკვე ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა ჯეიკობ მუდენდამ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გააცნო. აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეს ქუჩებში მოსახლეობა ზეიმობს.

21.11.17 ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში მუგაბეს გადადგომას ზეიმობენ. ფოტო: EPA/KIM LUDBROOK

მუგაბემ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პარლამენტმა მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. Reuters-ის ცნობით, ექსპრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების უზრუნველყოფით ხსნის. მუგაბეს გადადგომის შემდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ავტომატურად შეჩერდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უხუცესი, 93 წლის დიქტატორის ეპოქა გასულ კვირას დასრულდა, როცა ძალაუფლება ხელში არმიამ აიღო. 14 ნოემბერს სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიის შენობასა და აეროპორტზე, ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, სატელევიზიო მიმართვისას არმიის სპიკერმა აღნიშნა, რომ სამხედროთა ქმედება სამხედრო გადატრიალებას არ წარმოადგენდა და ისინი პროცესებს ვითარების დასტაბილურებისთანავე ჩამოსცილდებოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მუგაბე არმიის წარმომადგენლებს თავის რეზიდენციაში შეხვდა და კრიზისის გადაწყვეტის გზებზე ესაუბრა.

პროცესისთვის გადატრიალება არ დაურქმევიათ, თუმცა მუგაბეს ძალაუფლება რამდენიმე დღეში მინიმუმამდე დაეცა. ის ჯერ საკუთარი პარტიიდან გარიცხეს, შემდეგ კი ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც 20 ნოემბრის შუადღემდე უნდა გადამდგარიყო.

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს სათავეში ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, 1980 წლიდან მართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი