ახალი ამბები

თბილსერვის ჯგუფი: ზამთრისთვის 3500 ტონა ტექნიკური მარილი შევიძინეთ

21 ნოემბერი, 2017 • 3649
თბილსერვის ჯგუფი: ზამთრისთვის 3500 ტონა ტექნიკური მარილი შევიძინეთ

თბილისის მერიამ ზამთრისთვის 3500 ტონა ტექნიკური მარილი შეიძინა, ამის შესახებ განცხადება “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ თბილისის მერთან  შეხვედრაზე განაცხადა.

ჯღარკავას თქმით, გარდა ტექნიკური მარილისა, ზამთრის სეზონისთვის დედაქალაქში სპეციალური ტექნიკაც არის მობილიზებული.

“ჩვენ შევიძინეთ ტექნიკური მარილი, რომლის შემოტანა ახლაც მიმდინარეობს. დაახლოებით 3500 ტონა მარილი გვექნება ამ წელს. ასევე გვაქვს წინა წლის მარაგი. მომზადებული ვართ ტექნიკური საშუალებითაც. ვფიქრობთ, რომ ზამთარს შესაბამისად შევხვდებით“, – აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

დღეს თბილისის მერი “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელს შეხვდა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. კალაძის თქმით, ზამთრის პერიოდში თბილისში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს. შეძენილია ტექნიკური მარილი და ვფიქრობ, რომ ზამთარში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება“- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ ქალაქის დასუფთავებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი გაუმჯობესებისთვის სამომავლოდ აუცილებელი გახდება ტექნიკის შეძენა.

„სამომავლოდ დასუფთავებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ. იცით, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც კომპლექსურია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულება არ არის. შესაბამისად, მომავალში ტექნიკის შეძენა აუცილებლად დაგვჭირდება, რათა თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს, ხოლო არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი