საქართველოს პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, 2011-2012 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ. დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაწესებულებაში შესახლებისას, ბრალდებულები პატიმრებს განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით და აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდში ამავე პატიმართა მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რისი მიზანიც მათი უსიტყვო მორჩილება იყო.
“ბრალდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო” – ნათქვამია პროკრუატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ 2012 წლამდე პერიოდში პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაშიც.
დაკავებულებს შორის არიან რურთავის N6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებიც. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის საკუთარი წესები. კერძოდ, უწყების თქმით, ბრალდებულები პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.
“აღნიშნული სახის არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაიკითხა 800-მდე მსჯავრდებული, რომლებიც განთავსებული იყვნენ პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“საქართველოს პროკურატურის მიერ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ. ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ეპიზოდი ჩადენილია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში” – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.