ახალი ამბები

CO-თი ინტოქსიკაციით 3 წელში 82 ადამიანი დაიღუპა – რას ითვალისწინებს უსაფრთხოების ახალი კამპანია

21 ნოემბერი, 2017 • 1606
CO-თი ინტოქსიკაციით 3 წელში 82 ადამიანი დაიღუპა – რას ითვალისწინებს უსაფრთხოების ახალი კამპანია

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მერია და კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ერთობლივ სოციალურ კამპანიას – “მეტი უსაფრთხოებისთვის” იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ხშირია მოსახლეობის CO-თი ინტოქსიკაციის შემთხვევები, რასაც გარდაცვალების ფაქტები მოჰყვება:

“სწორედ ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან: შეუმოწმებენ გამათბობლებსა და წყლის გამცხელებლებს. ასევე, გაუწევენ შესაბამის კონსულტაციებს, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, გიორგი ლეფსვერიძემ კი სოციალური კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 82 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინტოქსიკაცია დაახლოებით 350-მა მოქალაქემ მიიღო. გასულ წელს CO-თი ინტოქსიკაციის რიცხვმა 125-ს მიაღწია, რომელთაგან 29 ადამიანი გარდაიცვალა.

“ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია – „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40% ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ,” – აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.

კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 40 40 04, ან სავარიო სამსახურის ნომერზე – 114 დარეკონ.

“ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, დაგვირეკოს და შეგვამოწმებინოს ბინაში არსებული გაზის დანადგარები. ჩვენი თანამშრომლები კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, დადიან და მობინაადრეებს ამოწმებენ. მინდა მოვუწოდო ჩვენს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ კომპანიის მითითებები,” – განაცხადა “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მთავარმა ინჟინერმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

თბილისის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს. ფოტო: მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი