ახალი ამბები

მერია: კოსტავაზე ხეების მოასფალტება კომპანიის შეცდომაა

20 ნოემბერი, 2017 • 8656
მერია: კოსტავაზე ხეების მოასფალტება კომპანიის შეცდომაა

თბილისის მერიის განმარტებით, კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობისას კომპანიამ შეცდომა დაუშვა.

მერიის ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუ როუდ გრუპმა“ მერიის შეკვეთის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რა დროსაც, ასფალტის საფარის პირველი ფენა უშუალოდ ხეების ირგვლივ დააგო.

“მას მწვანე ნარგავების ასფალტის საფარისგან სასწრაფოდ გათავისუფლების მითითება მიეცა, რაც უმოკლეს ვადებში შესრულდა. აღნიშნულ პროცესში ხეები – როგორც შტამბები, ასევე  ფესვები არ დაზიანებულა”, – წერია მერიის განცხადებაში.

მერია აცხადებს, რომ კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა, საპარკინგე ადგილი გზის დონეზე ეწყობა და იგი ტროტუარისგან ბორდიურით არის გამიჯნული.

მერიის განმარტებით, ადრე, იქ ავტომობილები პირდაპირ ტროტუარზე ჩერდებოდნენ, რითაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება მოუხერხებელი და საფრთხის შემცველი იყო.

“ხეებს შორის არ იყო მწვანე ნარგავები ან გაზონი. ამიტომ, ავტომანქანების პარკირების ადგილის ცივილურად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოწყობა ერთი მხრივ, ქვეითთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, მძღოლების ინტერესებსაც ითვალისწინებს”, – აცხადებს მერია.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ხეების ბორდიურებით შემოსაზღვრაა გათვალისწინებული, რაც უკვე შესრულებულია. მერიის ცნობითვე, პარკინგი 45-გრადუსიანი კუთხით განთავსებულ მინიმუმ 43 ავტომობილს დაიტევს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი