სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები, აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ანუ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი – 60 ლარად და 60 თეთრად შეიძინა.
ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ზღვისპირა ზოლში 74 127 კვ/მ მეტრი მიწა იყიდა.
მიწის ნაკვეთები, ზღვის ხედით ტურისტულ ზონაში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. სააგენტომ 1კვ/მ 60 ლარად და 20 თეთრად შეაფასა, აჭარის ფინანსთა სამინისტრომ – 60 ლარად და 13 თეთრად. სააგენტომ და სამინისტრომ აუქციონები გასული წლის ნოემბერში გამოაცხადეს.
როგორც „ბათუმელებს“ ციხისძირში ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, უშუალოდ ზღვის პირას 1 კვ/მ მიწის გასაყიდი ფასი 100 აშშ დოლარიდან იწყება, ზღვისგან ცოტა მოშორებით, მაგისტრალთან კი – 70-80 აშშ დოლარიდან, რაც სულ ცოტა 180 ლარია.
დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ყველა ნაკვეთზე, რომლებიც აჭარაში „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდეს, კომპანიას აქვს საინვესტიციო ვალდებულებები. თუმცა, ციხისძირში ივანიშვილს მიწა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მიჰყიდეს. რატომ გაყიდა მიწის ნაკვეთი [1530 კვ.მ] სამინისტრომ უპირობოდ და როგორ დაადგინეს გასაყიდი ფასი?
„აღნიშნული საინვესტიციო მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ღირებულება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შეფასდა, რის შემდეგაც კანონით დადგენილი წესით ქონება გამოტანილი იქნა გასაყიდად უპირობო ელექტრონულ აუქციონზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
იყო თუ არა „ბიზნეს დეველოპმენტი“ ამ ნაკვეთით დაინტერესებული აუქციონის გამოცხადებამდე? – ამ კითხვაზე პასუხად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ დაინტერესება კერძო პირისგან იყო.
კომპანიის მიერ შესყიდულ ნაკვეთებს ერთი მხრიდან ავტომაგისტრალი ესაზღვრება, დანარჩენი სამი მხრიდან კი აკრავს ტერიტორია, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.
საქართველოს კანონმდებლობით, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში [გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს] საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიმართა ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ წერილით, რომ „ბიზნეს დეველოპმენტს“ სურს ამ ადგილზე გზის რეაბილიტაცია, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის გზას [ამ შემთხვევაში ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალს] უერთდება.
„დეპარტამენტის მხრიდან მომზადებულია საპასუხო წერილი, რომ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია/პროექტი. პასუხი კომპანიას 10 დღის შიგნით გადაეგზავნება“, – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.
„ბიზნეს დეველოპმენტის“ 100% წილს შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფლობს, ეს ფონდი კი, როგორც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს, მათი შვილობილი კომპანიაა.
რა პროექტის განხორციელებას გეგმავს კომპანია ციხისძირში? – პასუხს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდიდან“ ველოდებით.
„ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ შესყიდული ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პარკისთვის რამდენიმე მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს. აუქციონზე გაყიდულ ტერიტორიასთან ახლოსაა ასევე ის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი მრავალწლოვანი ხე – ტიტა გაიტანა.
„ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ პროექტს ახორციელებს. „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური პარტნიორობით კი ბათუმში „სილქ თაუერის“ მშენებლობაა დაგეგმილი.