ახალი ამბები

„ოცნების“ 19-მა წევრმა შუახევის საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩია – საკმარისი იყო 13 ხმა

20 ნოემბერი, 2017 •
„ოცნების“ 19-მა წევრმა შუახევის საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩია – საკმარისი იყო 13 ხმა

დღეს, 20 ნოემბერს, შუახევის ახალარჩეული საკრებულო შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, გიორგი დავითაძეს, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის 13 ხმა იყო საკმარისი.

შუახევის საკრებულოში 24 წევრიდან 19 „ქართული ოცნებიდანაა“.  სხდომას 19-ივე წევრი ესწრებოდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საკრებულოს ერთმა წევრმა „ევროპული საქართველოდან“ მირზა თურმანიძემ.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა რეგისტრაცია ხელახლა გაიარეს, თუმცა ქვორუმი არ შედგა.

„ბათუმელები“ საკრებულოს რამდენიმე წევრს დაუკავშირდა, რომლებმაც კომენტარი არ გააკეთეს და განაცხადეს, რომ სხდომა შეჩერებულია.

ნოდარ ქარცივაძემ, რომელსაც სხდომა მიჰყავდა, როგორც უხუცეს წევრს, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა საკრებულოს  სხდომა განახლდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი