დღეს, 20 ნოემბერს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
- თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსად მამუკა კობახიძე დაინიშნა. მან ნუგზარ ჭეიშვილი შეცვალა;
- თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თემურ ბოლოთაშვილი დაინიშნა. მან ზურაბ წიკლაური შეცვალა;
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსად ირაკლი თავართქილაძე დაინიშნა. მან კარლო ლაფერაძე შეცვალა;
- თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსად კახა გვანცელაძე დაინიშნა. მან თემურ თორდინავა შეცვალა.
თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ კახა გვანცელაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ბაღებში თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება იქნება.
“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რა იქნება ჩემი პრიორიტეტები; პირველი ტიპის ამოცანა იქნება თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება ბაღებში: ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და ბაღების ინსტიტუციური განვითარება.”
ვინ საიდან მივიდა მერიის სამსახურებში
- მამუკა კობახიძე – 2018 წლის პირველ იანვრამდე ის შპს “ყაზტრანგაზ თბილისში” სპეციალურ მმართველად იყო დანიშნული, თუმცა კომპანია ნაადრევად დატოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს” ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
- თემურ ბოთოლაშვილი – პროფესიით მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სპეციალისტია. მან კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში ურბანულ პოლიტიკაზე იმუშავა.
- ირაკლი თავართქილაძე – მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, სადაც იურიდიული დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. იყო კახა კალაძის გუნდის წევრი იყ;
- კახა გვანცელაძე – იყო დავით ნარმანიას გუნდის წევრი და ხელმძღვანელობდა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს.