განახლებული პროგნოზი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გამოქვეყნა მაისის მიმოხილვაში, სადაც 2013 წლის პროგნოზი 6%-ის ნაცვლად 4%-ით განისაზღვრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ ზრდაში ძირითად წვლილს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორები შეიტანს, ასევე, ტურიზმი და ვაჭრობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პროგნოზით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ფარგლებში იქნება და ეს ციფრი 2%-ით ნაკლებია ოფიციალურ პროგნოზზე, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტშია ჩაწერილი.
ეროვნული ბანკის მოსაზრებას ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი.
Fitch-ი 2013 წელს საქართველოში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო Standard and Poors-ი – 3,5%-იანს.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რეალისტურია მოლოდინი, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4,5-5%-ით გაიზარდოს. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი 5 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის 6%-იანი ზრდა არ მოხდება, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრების გადახედვა მოსალოდნელი არ არის.
