ახალი ამბები

პოლონეთის პრეზიდენტი ნაციონალისტების ქმედებებს ემიჯნება

15 ნოემბერი, 2017 • 2582
პოლონეთის პრეზიდენტი ნაციონალისტების  ქმედებებს ემიჯნება

პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა 12 ნოემბერს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, გამართულ ნაციონალისტურ მარშს ემიჯნება. ამის შესახებ პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 99-ე წლისთავს ეძღვნება. მიმართვის ტექსტი მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ანჟეი დუდამ უპასუხისმგებლო უწოდა იმ ადამიანთა ქმედებებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ვარშავის ცენტრში ანტისემიტური და ულტრანაციონალისტური ლოზუნგებით გამოვიდნენ. პრეზიდენტის თქმით, ვერასდროს იქნება პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის აღქმა ერთნაირი, ვინაიდან ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფენომენია, პოლონეთი კი ეკუთვნის ყველას, ვისაც სურს იცხოვროს იქ და აშენოს ქვეყანა.

“ძალიან ვწუხვარ, რომ დამოუკიდებლობის მარშს, სადაც ადამიანები პოლონეთის დიდების დღის აღსანიშნავად გამოვიდნენ, უპასუხისმგებლო პირების მიერ მიტანილი ბანერების გამო ჩრდილი მიადგა; ბანერების, რომლებიც არასდროს იქნება მისაღები პოლონეთში მცხოვრები წესიერი მოქალაქეებისთვის.
ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი ვერასდროს იქნებიან თანასწორნი, რადგან ეს ორი სრულიად განსხვავებული ფენომენია, განსხვავებული მიდგომებით. პატრიოტიზმი ქადაგებს სიყვარულს, ქვეყნის, მეზობლებისა და თანამემამულეების სიყვარულს; სიყვარულს იმ ადამიანებისა, რომლებსაც სურთ ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის ბედნიერება და წინსვლა. ეს იმ დროს, როცა ნაციონალიზმი არის ნეგატიური პერპექტივა იმ ხედვით, რომ “ქვეყანა მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის”. ეს არ არის მართალი. ეს ქვეყანა ყველასია, ვისაც სურს აქ ცხოვრება და ვისაც სურს მისი შენება. ეს მთავარი კრიტერიუმია, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს”, – აღნიშნულია ანჟეი დუდას მიმართვაში.

რამდენიმე დღის წინ ვარშავაში ნაციონალისტების მიერ  გამართული მსვლელობა დღეს არაერთმა ევროპარლამენტარმა გააკრიტიკა. მანამდე კი, ქვეყნის მთავრობის მისამართით ასეთივე განცხადებები ადამიანის უფლებათა დამცველი არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის “Amnesty International”-ის მხრიდანაც გაისმა. ანჟეი დუდამ ევროპარლამენტარებს ხისტი განცხადებები “ტვიტერის” მიკრობლოგზე დაუწუნა და მათ ტონს მიუღებელი უწოდა.

ნაციონალისტების მასშტაბური მსვლელობა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 15 ნოემბერს გაიმართა.
BBC-ის ცნობით, ეროვნულ-რელიგიურ სლოგანებთან ერთად (“ღმერთი, დიდება, ქვეყანა”!), მარშზე ულტრანაციონალისტური შეძახილებიც ისმოდა, როგორიც იყო “სუფთა პოლონეთი, თეთრი პოლონეთი!” აქციის მონაწილეთა ნაწილს კი ხელში ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების, მათ შორის  პოლონეთის “ნაციონალ-რადიკალური ბანაკის” დროშები ეჭირა. თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულთა განწყობა ერთგვაროვანი არ იყო და ნაწილი აცხადებდა, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოვიდა.

მიუხედავად პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებისა, მანამდე, ღონისძიების ჩატარებას მთავრობის წევრთა ნაწილი მიესალმა. მემარჯვენე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაყობს ადამიანებით, რომლებიც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან პოლონეთს “კანონისა და სამართლიანობის” მართავს. ამავე პარტიის მხარდამჭერია ქვეყნის პრეზიდენტი ანჟეი დუდაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი