არასამთავრობი სექტორში სახალხო დამცველის პოზიციაზე სამი კანდიდატი განიხილება – ანა ნაცვლიშვილი, ვახუშტი მენაბდე და ზვიად ქორიძე. საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციურ პარტიებს კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიას ჯერჯერობით არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან რომელიმე მათგანს.
როგორც სალომე სამადაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ამ საკითხზე კვლავ აგრძელებენ კონსულტაციებს მესამე სექტორთან.
სახალხო დამცველის შერჩევის საკითხზე პარტიის შიგნით ჯერ არ უმსჯელია ევროპულ საქართველოს, თუმცა, როგორც გიგა ბოკერიამ ნეტგაზეთს განუცხადა, უდიდესი ალბათობით, არასამთავრობო სექტორში გამოვლენილი 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს დაუჭერს მხარს.
ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტმა 2012 წლის 8 დეკემბერს აირჩია. შესაბამისად, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით.
კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.
კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს აცნობებს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ფარულია.
კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები.