ახალი ამბებიეკონომიკა

ფასები ნამდვილად გაიზრდება-ინტერვიუ გიორგი პაპავასთან ლარის გაუფასურების შედეგებზე

15 ნოემბერი, 2017 • 3316
ფასები ნამდვილად გაიზრდება-ინტერვიუ გიორგი პაპავასთან ლარის გაუფასურების შედეგებზე

ლარი დღითიდღე უფასურდება ევროსთან და დოლართან მიმართებაში. გაუფასურების მიზეზებზე და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებების შეფასება ვთხოვეთ ეკონომისტ გიორგი პაპავას:

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ იმპორტიორების ქცევამ განაპირობა ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება, მანამდე ფინანსთა სამინისტროს მოადგილეებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ლარის მოკლევადიანი რყევა ბაზრის მოთამაშეების ქცევამ განაპირობა და ამ მოთამაშეებს შორის მანაც ბიზნესი დაასახელა ძირითად აქტორად, რამაც ეს რყევა გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების წარმომადგენლების ამ დასკვნებს? რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

ჩემი აზრით, აქ მთავარი ის არ არის – იმპორტიორმა შეიძინა წინასწარ დოლარი, თუ ვინ შეიძენს. მთავარი არის, რომ მოლოდინებია გაჩენილი. რატომ ყიდულობს იმპორტიორი წინასწარ უცხოურ ვალუტას? მას მოლოდინი აქვს, რომ ლარი უფრო გაუფასურდება. ანუ  ამას მოლოდინი განაპირობებს. ეროვნული ბანკიც და მეც ვთვლი, რომ ამას მეტწილად მოლოდინები განაპირობებს.  მოლოდინი იმისა, ლარი რომ გაუფასურდება,  იმპორტიორებს უბიძგებთ მნიშვნელოვანი ოდენობის უცხოური ვალუტა შეიძინონ წინასწარ. ეს არის მანდ მთავარი და არა ის, რომ იმპორტიორს დავაბრალოთ. იმპორტიორი უბრალოდ არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად სჭირდება უცხოური ვალუტა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ბუნებრივია, რომ ვალუტის გაცვლითი კურსი დიდწილად ბიზნესზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, მოსახლეობას საქართველოში იმდენი შემოსავალი არ აქვს, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მოკლე პერიოდში გაცვლით კურსზე.

თქვენ გაქვთ ინფორმაცია ბოლო დროს განხორციელებულ დიდ ტრანზაქციაზე, რომელსაც შესაძლოა ვალუტის კურსზე გავლენა მოეხდინა?

ეს ტრანზაქციები არ ქვეყნდება. სტატისკიკა არ არსებობს, იმპორტიორმა რამდენი იყიდა და ექსპორტიორმა რამდენი გაყიდა. ამის სტატისტიკა არ ქვეყნდება. ეს ინფორმაცია აქვთ კომერციულ ბანკებს, რომელთანაც მიდის კლიენტი და ყიდულობს დოლარს. დღეს გამოქვეყნდა ბრუნვა Bloomberg-ზე, თუმცა bloomberg-ზე რეალურად მოთხოვნის ნაშთი მიდის. ანუ რაღაც ნაწილს თვითონვე კომერციული ბანკები ყიდულობენ და ყიდიან. დოლარზე რისი დაკმაყოფილებაც თავად კომერციულ ბანკებს არ შეუძლიათ, უკვე ამ ნაწილის დასაკმაყოფილებლად მიდიან და ვაჭრობენ სხვა ბანკებთან თუ ფინანასურ ინსტიტუტებთან, ვინც არის წარმოდგენილი ამ სავაჭრო ბაზარზე.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, ლარის გაუფასურების პროცესის შესაჩერებლად ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ ინფლაციის საფრთხე შეიქმნება. თქვენი შეფასებით, არის თუ არა უკვე ეს საფრთხე  სახეზე?

უნდა გავითვალისწინოთ, ჩარევაში რა იგულისხმება. ჩარევაში არ იგულისხმება, რომ ისინი მაინცდამაინც სავალუტო აუქციონზე დოლარს გაყიდიან. ჩარევაში იგულისხმება, მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც. მათ წინა შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი 7%-ზე დატოვეს. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ინფლაციაზე გავლენას მოახდენს, აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ გვახსოვს, რომ შარშანაც, იმავე პერიოდში კურსი იყო მაღალი. ბუნებრივია, ნოემბრის ფასები ოქტომბერთან შედარებით უფრო მაღალი იქნება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, ნოემბერი შევადაროთ წინა წლის ნოემბერს, რადგანაც მაშინაც მნიშვნელოვნად დაიწყო ეს გაუფასურების პროცესი. უკვე ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივია, რადგან საბოლოო ჯამში, მათი გაცხადებული მიზანი არის ინფლაციის კონტროლი. როდესაც ასეთი სწრაფი გაუფასურებაა, ბუნებრივია, ის აისახება ბენზინიდან დაწყებული სურსათით დამთავრებული თითქმის ყველა პროდუქტის ფასზე.  როდესაც კერძო სექტორს არ შეუძლია პროგნოზირება ლარის კურსის და ასეთ მოკლევადიან პერიოდში კურსის ასეთ მნიშვნელოვან რყევებს აკვირდება, ის, რა თქმა უნდა, უფრო დიდი სავალუტო რისკის წინაშე დგას და ამას ფასებში ასახავს. სადავო იმაში არაფერია, რომ ფასები ნამდვილად გაიზრდება, უბრალოდ, რა ნიშნულამდე გაიზრდება, ეს არის მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, ეს იქნება გადამწყვეტი ეროვნული ბანკისთვის, რამდენად გაამკაცროს თუ არ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, რეაგირებაში შეიძლება მოიაზრებოდეს ისიც, რომ ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. არის ეს გამოსავალი? მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის სესხების გაძვირება მოჰყვება ხომ?

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ძვირდება სესხები ქვეყანაში. როცა სესხი ძვირდება, ეკონომიკა შედარებით ნაკლები ტემპით იზრდება. რაც თავის მხრივ მერე ინფლაციას აღარ აძლევს საშუალებას გაიზარდოს. ზუსტად ამ ბალანსის დაცვას ცდილობს ეროვნული ბანკი. ის ცდილობს, ერთი მხრივ, ეკონომიკა არ შეანელოს, მეორე მხრივ, ინფლაცია არ გაიზარდოს ქვეყანაში. ამ ორი, ასეთ ვთქვათ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ძალის დაბალანსება უწევს მას. ამის მიხედვით ღებულობს გადაწყვეტილებას. მთელი წლის განმავლობაში ისინი მონეტარულ პოლიტიკას იმიტომ არ ამკაცრებდნენ, რომ არ სურდათ ეკონომიკური განვითარებისთვის ხელი შეეშალათ. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური განვითარებაა ის, რაც ქვეყანაში არის  დოვლათის შემქმნელი. თუმცა, როდესაც  მაღალი ინფლაციაა, უკვე თვითონ ეკონომიკურ განვითარებას საფრთხე ექმნება.

რომ დავაზუსტოთ, თქვენი აზრით, არის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოსავალი? გასაგებია, რომ ამან შეიძლება ეკონომიკური ზრდა შეაფერხოს…

გამოსავალი ინფლაციის დასასტაბილურებლად, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მას აქვს უარყოფითი ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე. თუ ჩვენ მაღალი ინფლაციის გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოგვიწია, ინფლაციას რაღაც ნიშნულზე კი შევინარჩუნებთ, მაგრამ ხელს შევუშლით ეკონომიკურ ზრდას.

დღეს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა მაჩვენებელი ბლუმბერგის სისტემაში საქართველოდან მონაწილე სუბიექტების შესახებ და იქვე მიუთითა, რომ ბანკების მაღალ შემოსავლებს და, შესაბამისად, მათ აქტიურობას ბლუმბერგის სისტემაში განაპირობებს დოლარიზაციის მაღალი დონე საქართველოში და გამოსავალს ისინი ხედავენ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაში. ამ კუთხით მთავრობამ შარშან უკვე გადადგა ნაბიჯები, როცა ლარიზაციის პროგრამა განახორციელა, თუმცა ვხედავთ, რომ ამან ეფექტი ვერ გამოიღო, ევროსთან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ დღეს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თქვენ როგორ ფიქრობთ, საერთოდ, უნდა მოხდეს თუ არა დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება და როგორ?

ჩემი აზრით, დოლარიზაციის შემცირება ხელოვნური შეზღუდვებით და რეგულაციებით, საბოლოო ჯამში, შეუძლებელია. დოლარიზაცია შემცირდება მაშინ, როდესაც მოსახლეობაში ნდობა გაიზრდება ლარის მიმართ. მოსახლეობას ექნება ნდობა მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება. თუ ჩვენი ეკონომიკა კიდევ 10 წელი კარგ შემთხვევაში 4.5%-ით გაიზარდა, ეს ნდობას მოსახლეობაში ეროვნული ვალუტის მიმართ არ გააჩენს. შესაბამისად, არანაირი დაწესებული შეზღუდვები მნიშვნელოვან შედეგამდე არ მივა. რაც შეეხება იმ ლარიზაციის პროგრამას, რომელიც განხორციელდა, მანდ შთამბეჭდავი იყო ის, რომ ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი, რეალურად, ჩვენ და სახელმწიფო ფულს ვჩუქნიდით და ვეუბნებოდით- “გაძლევ შენ 1 დოლარზე 20 თეთრს და სესხი გადაიყვანე ლარში. მაშინ ხალხისგან გვესმოდა, რომ ლარი რომ გამყარდეს, მერე მე ხომ ვიზარალებ. მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ რისკი მოიშოროს მოსახლეობამ. არ იყოს დამოკიდებული სესხის გადახდისუნარიანობა იმაზე,  ლარის რა კურსი დაფიქსირდება ერთ პერიოდში თუ მეორეში. თვითონ ბანკებიც, როგორც ჩანს, არ იყვნენ დაინტერესებული, დოლარის სესხების მნიშველოვანი ნაწილი გაზრდილიყო, რადგან  ბანკებსაც ურჩევნიათ, მომავალი შემოსავლები ჰქონდეთ დოლარში, ვიდრე ლარში. შესაბამისად, მათ არ დაარწმუნეს დამატებით მოსახლეობა იმაში, რომ სესხები ლარში გადაეყვანათ, თორემ ის მაჩვენებელი, რომელიც გვქონდა, გაცილებით მაღალი იქნებოდა.

სავალუტო კრიზისის თავიდან ასაცილებლად რა ღონისძიებას შეიძლება მიმართოს ეროვნულმა ბანკმა?

თუ ის არ აჰყვება წნეხს, რომელიც დღეს მასზე ხორციელდება, და არ დაიწყებს სავალუტო ინტერვენციებს, სამომავლოდ ეს მსგავს მერყეობებს აგვაცილებს თავიდან, რადგან როდესაც ბაზარზე მოთამაშეებს ჰგონიათ, რომ ხან არ გააუფასურებს ეროვნულ ვალუტას ეროვნული ბანკი, ან არ გაამყარებს, ასეთი წარმოდგენები როდესაც იქმნება, საბოლოო ჯამში, მას შედეგად მივყავართ იმ რეალობასთან, რაც დღეს გვაქვს. ეროვნულმა ბანკმა მაქსიმალურად უნდა თავისუფალ ცურვაში მიუშვას ეროვნული ვალუტა და ის იპოვის თავის წინასწორობის კურსს. შეიძლება ეს მოკლევადიან პერიოდში იყოს მტკივნეული მოსახლეობისთვის და ბიზნესითვის, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს არის ზუსტად წამალი იმის, რომ შედარებით სტაბილური კურსი გვქონდეს და თავიდან ავიცილოთ მსგავსი მერყეობები. ეს უკვე დადებითად აისახება ძალიან ბევრ პარამეტრზე, თუნდაც ლარიზაციაზე იმიტომ, რომ არაერთი ნაშრომით დადასტურებულია, რომ დედოლარიზაცია წარმატებულია იმ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტად თავისუფალი სავალუტო გაცვლის რეჟიმი მოქმედებს.

წნეხი ახსენეთ. ვისგან განიცდის დღეს ეროვნული ბანკი წნეხს, რომ გარკვეული ჩარევა განახორციელოს სავალუტო ბაზარზე?

იყო რამდენიმე პარლამენტარის განცხადება, რომ ისინი ითხოვენ, ეროვნულმა ბანკმა რაღაცნაირად შეაჩეროს ეს გაუფასურება. მოკლევადიან პერიოდში ეს თეორიულად შეიძლება მოხდეს მხოლოდ სავალუტო ინტერვენციებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი