ახალი ამბები

როგორი სამონასტრო კომპლექსი შენდება ატენის სიონთან [ფოტოები პროექტიდან]

15 ნოემბერი, 2017 • 3393
როგორი სამონასტრო კომპლექსი შენდება ატენის სიონთან [ფოტოები პროექტიდან]

ატენის სიონის ტაძრის ეზოში სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც ობიექტივის ჟურნალისტმა, ანი კიკნაძემ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

ანი კიკნაძე მოითხოვს, რომ მშენებლობა, რომელიც მისი აზრით უკანონოა, შეჩერდეს და დაიწყოს გამოძიება, თუ რატომ გაიცა შესაბამისი ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან.

ანი კიკნაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მშენებლობა მონასტრიდან დაახლოებით 15 მეტრის რადიუსში მიმდინარეობს, რაც ეწინააღმდეგა საქართველოს კანონმდებლობას.

ფოტოები, რომლებიც სიონთან ობიექტივის ჟურნალისტებმა გადაიღეს:

“კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის შესახებ კანონის 36-ე მუხლი გვეუბნება, რომ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლთან მიმართებაში 500 მეტრის რადიუსში მშენებლობა არ შეიძლება. ამ ძეგლს 2006 წელს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი”, – ამბობს ანი კიკნაძე, რომელიც მოცემულ მშენებლობაში ორ პრობლემას ხედავს:

  1. დამახინჯდება ტაძრის ვიზუალური აღქმა
  2. სიონი ხელოვნურ ბაქანზეა აშენებული და საჭიროა გეოლოგიური კვლევა, მშნებელობა ხომ არ შეუქმნის მას საფრთხეს

ანი კიკნაძის აზრით, არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ატენის სიონი ტაძარია და იქ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა პრობლემა არ არის, მიუღებელია.

“სამლოცველოა და იქ ხომ სამონასტრო კომპლექსი შენდებაო… მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის არა მხოლოდ სამლოცველო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ათასზე მეტი წარწერა იკითხება მასზე, იქ არის მეფეების ბრძანებები, პირველი ლექსი, რომელიც გაიშიფრა, მის კედლებზეა… სხვადასხვა საუკუნის უნიკალური მხატვრობაა”, – ამბობს კიკნაძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კანონს სხვანაირად განმარტავენ. უწყებაში აცხადებენ, რომ 500-მეტრიან დაცვის ზონაში, რომელსაც კანონი ადგენს, მშენებლობა შესაძლებელია, თუ მშენებელს სათანადო დასკვნები ექნება. უწყების თქმით,  კანონი იმპერატიულად არ ადგენს, რომ დაცვის ზონაში მშენებლობა საერთოდ არ შეიძლება.

“[არსებობს] ყველა ნებართვა, ყველა ინსტანაცია, ყველა საბჭოზე, მათ შორის საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის საბჭოზე, შემდგომ უკვე ჩვენთან სააგენტოში, ეს პროექტი განხილული და დამტკიცებულია. ამ ყველაფერს წინ ვრცელი პროცესი უძღოდა”, – ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი ბექა ბარამიძე ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, ჯამში, ატენის სიონთან 20 კელია, 1 სატრაპეზო და დამხმარე შენობა-ნაგეობები შენდება.

ბექა ბარამიძე ამბობს, რომ ახალი შენობა-ნაგებობები მაქსიმალურად იქნება მისადაგებული ადგილობრივ ლანდშაფტთან.

“ეს გახალვთ ერთსართულიანი ბანოვანი გადახურვის შენობება-ნაგებობები, რომელიც მოპირკეთებულია ადგილობრივ გეოგრაფიულ პირობებში მოპოვებულ საშენი მასალებისგან”, – ამბობს ბექა ბარამიძე და დასძენს, რომ ძეგლი ვიზულაური აღქმის თვალსაზრისით არ დაზიანდება.

სამინისტროს ცნობით, ატენში სიონთან ასეთი სამონასტრო კომპლექსი შენდება

სამინისტროს ცნობით, ატენში სიონთან ასეთი სამონასტრო კომპლექსი შენდება

რაც შეეხება მდგომარეობას გეოლოგიური თვალსაზრისით, სააგენტოში ამბობენ, რომ არსებობს შესაბამისი კვლევა, თუმცა ის 2009 წელსაა ჩატარებული. კითხვაზე, ხომ არ არის ეს მოძველებული და ხომ არ იყო საჭირო მისი განახლება? სააგენტოში ამბობენ, რომ ეს სრულყოფილი კვლევა იყო.

კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ძეგლს რამდენიმე მიმართულებით იცავს. ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია მის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან.

ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია.

ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით.

ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის:

ა) იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას;

ბ) ქიმიურ, ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებათა შენახვა; გ) ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას;

დ) მცენარეთა იმ სახეობების იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი.

ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე.

ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება:

ა) ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით;

ბ) ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით;

გ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის – 1000 მეტრის რადიუსით.

სააგენტოს პოზიციაა, რომ ისინი იცავენ ყველა სტანდარტს და კანონის წინაშე მართლები არიან, თუმცა, რას იტყვის მართლმასჯულების სისტემა? ანი კიკნაძე ამბობს, რომ საქმე პროკურატურიდან ხიდისთავის რაიონულ პოლიციაში გადამისამართდა.

“უამრავი ტერიტორიაა ატენის სიონთან, სადაც ამ მშნებელობის განხორციელება შეიძლება ”, – ამბობს ანი კიკნაძე.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა მართლმადიდებელი ეკლესიის გორისა და ატენის ეპარქიას, სადაც კომენტარს ხვალისათვის დაგვპირდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ატენის სიონთან სამონასტრო კომპლექსი ისტორიულად არსებობდა და, შესაბამისად, ახლა ამის აღდგენა ხდება.

ადგილი ატენის სიონთან, სადაც სააგენტოს ცნობით ისტორიული სამონასტრო კომპლექსის ფრაგმენტებია აღმოჩენილი

მასალების გადაბეჭდვის წესი