გრემის მონასტრის მღვდლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ვერტმფრენის გამოყენებით დალოცეს და მაღლიდან კანფეტები გადმოყარეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ დაუდასტურა.
თავდაპირველად ეს ინფორმაცია reginfo.ge-მ გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მღვდლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოიყენეს.
“ხანდახან არის საშუალება, რომ ხატებით ვუფრენთ. ხშირად არა, იშვიათად. მამაომ უბრალოდ კანფეტები გადმოუყარა. მაღლიდან გადმოუყრიან ხოლმე”, – გვითხრა მიტროპოლიტმა.
მიტროპოლიტ სერგის თქმით, ისინი ეპარქიას ხატების შემოვლით იცავენ.
“ხატებით შემოვლა არის, რომ ეპარქია დავიცვათ. ომიანობის პერიოდში მოსკოვს შემოატარეს და მტერი ვერ შემოვიდა. ჩვენს ეპარქიას [შემოვუვლით] უბრალოდ, ორჯერ-სამჯერ გავაკეთეთ,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ვერტმფრენი მონასტრის იყო თუ სახელმწიფოსი, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:
“თქვენ როგორ ფიქრობთ, ვერტმფრენი მონასტერს შეიძლება, რომ ჰყავდეს?”. მიტროპოლიტმა ჩვენთან საუბარი ვეღარ გააგრძელა.
“ნეტგაზეთი” სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იყო თუ არა აღნიშნული ვერტმფრენი მათი და როგორ მოხვდნენ იქ სასულიერო პირები, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს აზუსტებენ და შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას.