ახალი ამბები

300 – მდე განაცხადი 42 ვაკანსიაზე

2 ივლისი, 2013 • 1322
300 – მდე განაცხადი  42  ვაკანსიაზე

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა რა თანხას დახარჯავს აჭარის ტელე-რადიოდეპარტამენტი კონკურსის ჩასატარებლად. სოსო სტურუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ საკონკურსო კომისიის წევრთა  ჰონორარი 1000-დან 2000 ლარამდე იქნებოდა, ჯამში კი ხარჯები 7000 ლარს არ გადააჭარბებდა, თუმცა მოგვიანებით გვითხრა, რომ დადასტურებულად კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ შეუძლია.
 
 
„ჯერ ნუ გამოვაცხადებთ, ათასი იქნება თუ ხუთასი იქნება, როცა გვეცოდინება გეტყვით. ჯერ არ არის არანაირი დოკუმენტი მზად.  იქნებ უფასოდ მოდიან“, – განაცხადა სოსო სტურუამ.
 
 
სოსო სტურუამ ასევე განმარტება გააკეთა არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტელევიზიას კონკურსის ჩატარება 20 ათასი ლარი უჯდება.
 
 
„45 ათასი ლარი მაქვს ეკონომია, რომელსაც მთავრობა უკან ვერ წაიღებს. ის 45 ათასი ლარი მე შემიძლია პრემია მივცე ჩემს თანამშრომლებს, ან მოწვეულ სპეციალისტებს გადავუხადო. მაგ თანხიდან ვაპირებ გადახდას. შეფუთვის სპეციალისტი რომ უნდა მოვიწვიო, მაგ თანხიდან შეიძლება – ფანჯარა თუ ჩატყდა მისშემკეთებელს გადავუხადო. ეს 45 ათასი ლარი მაქვს დეპარტამენტის კუთვნილი თანხა, რომელსაც ვხარჯავ მისი მიზნებისთვის და რომელიც გაიცემა მხოლოდ ანაზღაურებაზე. მთავრობას დამატებითი ცვლილებები ამისთვის არ გაუკეთებია.
 
როდესაც ბატონმა ხაბაძემ მკითხა, რა დაჯდებოდა კონკურსი, მე ვთქვი, კონკურსები მთლიანად, არამარტო ჟურნალისტების, საერთო  ჯამში შეიძლება ოცი ათასამდე ავიდესთქო და მერე მან განაცხადა 20 ათასი ჯდებაო. თუ ჯდება, დაამატა ის ოცი ათასი? ხომ არ დაუმატებია. ეს თანხა მე ისედაც მაქვს“, – განაცხადა სოსო სტურუამ.
  
 
კითხვაზე, იმ ფონზე, როცა ტელე-რადიოდეპარტამენტი იანვარში საზოგადოებრივ მაუწყებლად უნდა გადაკეთდეს, რამდენად მიზანშეწონილია კონკურსის ახლა ჩატარება, სოსო სტურუა პასუხობს:
 
 
„საზოგადოებრივ მაუწყებლად  გარდაქმნა კონკურსს არ ითვალისწინებს. ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, რატომ არ გესმით ხალხო. რატომ უნდა ჩატარდეს კონკურსი? თუ სხვა ხელმძღვანელი მოვიდა, მისი ნება იქნება ჩაატარებს თუ არა კონკურსს. მე რა ვიცი, მომდევნო ხელმძღვანელი რას იზამს. ეგ დამოკიდებული იქნება მასზე. თუ მე არ გადავწყვეტდი ჩემი ხედვები და ჩემი კონცეფცია განმეხორციელებინა, მაშინ დანიშვნასაც არ დავთანხმდებოდი.  რომ დავთანხმდი დანიშვნას, იმ დღიდან ვახორციელებ ტელევიზიის განვითარების  ჩემს კონცეფციას,“ – აცხადებს სოსო სტურუა.
 
 
საკონკურსო კომისია, რომელმაც დეპარტამენტისთვის ახალი კადრები უნდა შეარჩიოს პირველ ეტაპზე თბილისში იმუშავებს, გასაუბრება კი ბათუმში ჩატარდება. ტელევიზიის ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა თბილისელი კონკურსანტებისთვის გასაუბრება თბილისში ჩატარდეს.
 
 
„კონკურსი იქნება ღია და ნებისმიერს არასამთავრობო იქნება თუ სხვა,  შეუძლია მივიდეს და დაესწროს კომისიის მუშაობას,“ – განაცხადა სოსო სტურუამ.
 
 
აჭარის ტელევიზიამ კონკურსები 8 პროდიუსერის, 11 წამყვან-რეპორტიორის, 16 ტელერეპორტიორის და  7დარგობრივი თოქ-შოუს წამყვანის პოზიციებზე გამოაცხადა.
 
კონკურსის მონაწილეთა 2/3 თბილისში მცხოვრებ მოქალაქეები არიან.
 
 
აჭარის ტელე-რადიოდეპარტამენტი, რომელიც აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა და ბიუჯეტიდან ფინანსდება, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ახალი წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდება.
 
 
ამჟამად აჭარის ტელევიზიაში 240 ადამიანი მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი