ახალი ამბები

ომბუდსმენის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკური მიუკერძოებლობა იქნება – კობახიძე

9 ნოემბერი, 2017 • 1177
ომბუდსმენის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკური მიუკერძოებლობა იქნება – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები ჰქონდათ. მისი თქმით, კანდიდატებს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში დაასახელებენ.

“კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, იქნება ობიექტური. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი კრიტერიუმი იქნება პოლიტიკური მიუკერძოებლობა:

“ასევე, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და, რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაცია – ადამიანის უფლებების სიღრმისეული გეგმა. ეს იქნება ის კრიტერიუმები, რასაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი. ამ ყველაფრის საფუძველზე შეირჩევა შესაბამისი კანდიდატი.”

რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თამარ ქალდანი, რომელიც ამჟამად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორია, “იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი”.

ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტმა 2012 წლის 8 დეკემბერს აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი