ახალი ამბები

ომბუდსმენი ბოდიშს იხდის

26 ივნისი, 2013 •
ომბუდსმენი ბოდიშს იხდის

“უკვე მრავალი ათეული წელია, ცივილიზებული სამყარო მუშაობს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის აღმოფხვრის მექანიზმების სრულყოფაზე.

 

26 ივნისი გაეროს მიერ წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ეს დღე ყოველწლიურად სხვადასხვა აქციით აღინიშნება მსოფლიოს 70–ზე მეტ ქვეყანაში.

 

სამწუხაროა, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში არ მიუღია სათანადო და ადეკვატური ზომები, მეტიც, ტენდენციად იქცა გამოვლენილი სისტემური დარღვევების სრული იგნორირება.

 

ეს დაადასტურა 2012 წლის 18 სექტემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. ციხის კადრებმაც, სადაც ასახული იყო პატიმართა წამების, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მსოფლიო შეძრა ქართულ ციხეებში მომხდარი წამების ფაქტებმა, რის შემდეგაც წამებასთან ბრძოლის ღონისძიებები და მათში სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა კვლავ პრიორიტეტი გახდა. არანაკლებ შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ეგრეთ წოდებულ იარაღის სამალავებში ადამიანთა წამებისა და ღირსებისშემლახავი ქმედებების შემცველი ვიდეო-ფაილების აღმოჩენა, რაც ამ უმძიმესი დანაშაულის სავარაუდოდ სისტემურ ხასიათს ააშკარავებს.

 

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს უდიდეს წუხილს და გულწრფელად უბოდიშებს საზოგადოებას იმის გამო, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველმა უმთავრესმა და კონსტიტუციურმა ორგანომ ვერ შეძლო სათანადოდ წინ აღდგომოდა, ემხილა და შეეჩერებინა სამართალდამცავი სტრუქტურებისა თუ სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების მიერ წლების განმავლობაში დანერგილი ადამიანის წამებისა და ღირსების შმელახავი მოქმედებების გაუგონარი პრაქტიკა და უზრუნველეყო ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტური დაცვა.

 

2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამების და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის   ფაქტებზე და 16  ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც 16 პირი გაასამართლეს წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო.

 

მიუხედავად აღნიშნული პოზიტიური პრეცედენტისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს, არ დაზოგონ ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმებისა  და მონიტორინგის რეალური, შედეგზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შესაქმნელად. სახალხო დამცველი თავის მხრივ გამოთქვამს მზადყოფნას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული და კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული წამებისა და ადამიანის ღირსებისშემლახავი მოქმედებების ნებისმიერი გამოვლინება და ქვეყანაში გაძლიერდეს სამართალდამცავ სტრუქტურებზე მაღალი საზოგადოებრივი კონტროლი, რაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემის, მათი შეუფერხებელი რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპების დამკვიდრების საფუძველია.

 

ამ ეტაპზე ასევე  მნიშვნელოვანია ყურდაღების გამახვილება წამების მსხვერპლთა დარღვეული  უფლებების აღდგენასა და რეაბილიტაციის მექანიზმების დანერგვაზე. ასობით ადამიანი საჭიროებს დაუყოვნებელ დახმარებასა და თანადგომას, რის გამოც სახელმწიფომ ჯეროვნად უნდა იზრუნოს ამ საკითხზე.  

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, წამების პრევენციისა და აღმოფხვრის კუთხით საქმიანობის  გაძლიერების მიზნით,  გაიზარდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის  ექსპერტთა რიცხვი. უახლოეს ხანში უკვე 40 სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, მუდმივად მიიღებენ მონაწილეობას სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის გეგმიურ მონიტორინგსა, და საჭიროებიდან გამომდინარე, არაგეგმიურ ვიზიტებში. დამოუკიდებელ  ექპერტებთან ერთად ჯგუფში 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

სახალხო დამცველი სრულად გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რომ ხელი შეუწყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურად მუშაობას და იმედს იტოვებს, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად წამების ფაქტები სრულად აღმოიფხვრება საქართველოს საზოგადოების რეალობიდან””, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტმა 2012 წლის შემოდგომაზე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაამტკიცა, რადგან აღნიშნული პოსტი ვაკანტური იყო. 2012 წლის სექტემბერში ციხეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ ომბუდსმენი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი