ახალი ამბები

საგარეო უწყება: პრეზიდენტმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა

25 ივნისი, 2013 •
საგარეო უწყება: პრეზიდენტმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა

“არანაირ საკონსულოს დახურვებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. პრეზიდენტმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა. საკონსულო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და არანაირი შეფერხება არ იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის. რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს უფლება, რომ დანიშნოს კონსულები და ამას თურმე პრეზიდენტი წყვეტდა, ეს ელემენტარულად კანონმდებლობის უცოდინრობაა. საქართველოს პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს გენერლაური კონსული დანიშნოს. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო პრეროგატივა”, – განაცხადა ხელაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ვიცე-პრემიერთან, ალექსანდრე ვილკულთან შეხვედრის დროს საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

 

შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი დონეცკსა და ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოებისთვის კლასის დაწევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელი და გაუმართლებელია.

 

“ეხლა არის დრო ამის? ვინ მიიღო ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება. იქნებ ჩემთვის ეკითხათ, და მე მოვხსნიდი, რას გავს ეს? ე.ი გენერალურ საკონსულოს აუქმებ იმის გამო, რომ ჯინში ჩამიდგეს ვინმე? მთავარ სტრაეტეგიულ პარტნორთან დონეს ვადაბლებთ? ეს არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ასეთი რამე არსად წამიკითხავს მე. დღეს ჰაერივით გვჭირდება უკრაინასთან ურთიერთობა. მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის ის სტილი, რომელიც ასუსტებს სახემწიფოებრიობას. ძალიან ვწუხვარ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი