ახალი ამბები

არმაზ ახვლედიანი: როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, ძლიერ პარტიას დატოვებს

25 ივნისი, 2013 •
არმაზ ახვლედიანი: როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, ძლიერ პარტიას დატოვებს

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები პარტიის ირგვლივ გაერთიანა. შეძლებს თუ არა ივანიშვილის გარეშე ეს პარტია თუნდაც არსებული რეიტინგის შენარჩუნებას?

ჯერ დაველოდოთ იმ დროს, როცა გადაწყვეტილება მიღებული იქნება და პრემიერი პოლიტიკიდან წავა. ჯერ ალბათ ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა წავა, იგი ძლიერ პარტიას დატოვებს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პროცესი, რომელიც მერე განვითარდება,  სასიკეთო იქნება იმიტომ, რომ ვისაც მიაჩნია, რომ რაღაც ვიწროპარტიული თუ პირადი ინტერესებით იყო მიტმასნილი ამ პარტიასთან, ის თავის გზას მოძებნის. პარტია კიდევ უფრო გაჯანმართელდება და გაძლიერდება. მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. ივანიშვილის ფაქტორი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პარტიისთვის, როგორც ლიდერისა.

 

რას გულისხმობთ, მაინც იქნება იგი დაკავშირებული პარტიასთან?

 

მე ვფიქრობ, რომ იქნება დაკავშირებული. ეს, ცხადია, მისი ნებაა, მაგრამ ბატონი ბიძინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ამ მოძრაობის დამფუძნებელია და ამ იდეის ავტორია, შესაბამისად, იგი ყოველთვის იქნება ასოცირებული “ქართულ ოცნებასთან” და ეს მის ბიოგრაფიაშიც და მთელი ქვეყნის ისტორიაშიც ერთ–ერთი სასახელო და განსაკუთრებული ფურცელი იქნება ყოველთვის.

 

არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

არსებობს მოსაზრება, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” კოალიცია “ქართული ოცნების” წამყვანი პოლიტიკური მოძრაობაა, რადგან იგი უშუალოდ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სახელს. როგორ შეიძლება აისახოს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა კოალიციის საქმიანობაზე? მოახერხებს თუ არა თქვენი პარტია ამ სტატუსის შენარჩუნებას?

 

პარტია გაძლიერდება. რაც შეეხება კოალიციას, მე ვფიქრობ, რომ კოალაიცია ჯერჯეობით შენარჩუნდება. ყველაფერი სასიკეთოდ მიდის. თუკი ვინმეს სხვა რაღაც არაჯანსაღი განზრახვა ჰქონდა, ესეც გამოჩნდება, იქნება ეს კოალიციის შიგნით თუ პარტიის შიგნით. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბუნებრივად მიდის. პრემიერი ამას დიდი პასუხიმსგებლობით უდგება და ვფიქრობ, მაშინ წავა, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი გაცილებით სტაბილური იქნება და გამოირიცხება საფრთხეები.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთპიროვნულ ლიდერად ბიძინა ივანიშვილი მოიაზრებოდა, მის ბევრ წევრს პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება არც ჰქონდა. ივანიშვილის წასვლის შემდეგ ეს იქნება პარტია გამოკვეთილი ლიდერის გარეშე?

მოდით, ნუ გავაკეთებთ შეფასებებს ვიდრე არ გვაქვს კონკრეტული ფაქტები. ბატონი ბიძინას ყოფნა ამ წუთას პოლიტიკაში და მისი პრემიერ–მინისტრად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც მომენტში მისი ამ თანამდებობიდან წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ამით დასრულდება მისი ურთიერთობა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც იგი უდგას სათავეში და რომელიც მისი დიდი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. პირიქით, ეს პოლიტიკური მოძრაობა და საერთოდ პოლიტიკური პროცესიც ქვეყანაში კიდევ უფრო ჯანსაღი გახდება.

ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის გასვლა პოლიტიკური ველიდან იქნება თუ არა შანსი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი პოზიციები?

ნაციონალურ მოძრაობას, ჩემი აზრით, შანსი არ აქვს. ნაციონალურ მოძრაობის ცალკეულ წევრებს აქვთ შანსი, რომ დარჩნენ პოლიტიკაში, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მათ არჩევანზე ინდივიდუალურად. ვგულისხმობ იმას, რომ თუ გააცნობიერებენ, რასთან იყვნენ ასოცირებული წლების განმავლობაში, რა დანაშაუელბრივ რეჟიმთან, მაშინ, მე ვფიქრობ, რომ ამ ცალკეულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მომავალშიც იყვნენ ქართულ პოლიტიკაში. თუ არა, ძალიან გაუჭირდებათ. რაც შეეხება პარტიას, როგორც ინსტიტუტს, მე ვფიქრობ, რომ მას ძალიან გაუჭირდება შეინარჩუნოს პოლიტიკური სახე თუნდაც მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მე ნაციონალური მოძრაობისაგან ძალიან დაბალ შედეგს ველოდები.

მასალების გადაბეჭდვის წესი