ხელმოწერის ცერემონიალი მხარეებს შორის საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე–8 სხდომის დასრულების შემდეგ “შერატონ მეტეხი პაალსში” შედგა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
პირველ დოკუმენტს საქართველოსა და უკრაინის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ მოაწერა, ხოლო უკრაინის მხრიდან – ვიცე–პრემირმა, ალექსანდრე ვილკულმა.
ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საკანდელიძემ, ხოლო უკრაინის მხრიდან – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ტკაჩევმა.
მესამე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოებს შორის გაფორმდა და ინვესტიციებისა და ეროვნული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, ხელი მოაწერა საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა, ხოლო უკრაინის მხრიდან- შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ილია შევლიაკმა.
ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ კახა კალაძისა და ალექსანდრე ვილკულის ერთობლივი ბრიფინგი შედგა.
ვიცე–პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს ისტორიული მეგობარია და პარტნიორია. კალაძის განცხადებით, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე–8 სხდომაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას:”საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა დიდი ინვესტიციები და ქვეყანა წელს კარგ მოსავალს ელოდება. აქედან გამომდინარე, იყო საუბარი, რომ საქართველოში მოსული პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს უკრაინის ბაზარზე. ამასთან, საუბარი შეეხო ღვინოსაც. ქართული ღვინო უკრაინაში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა შეეცდებიან კიდევ უფრო დაიმკვიდროს ადგილი. ქართული და უკრაინული მხარე ერთად იბრძოლებენ ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ.”
საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეცხრე სხდომა ამჯერად უკრაინაში 2014 წელს გაიმართება.