2013 წლის იანვარ–მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს , რაც გასული წლის მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტია. იმპორტის მოცულობა 2880 მლნ. აშშ დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლები.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–მაისში შეადგინა 1878 მლნ. აშშ დოლარი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტია.
2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 1001 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 161 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი- 840 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა: მათ შორის ექსპორტში 16 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2012 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 28, 18 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 36 პროცენტი (2012 წლის იანვარ-მაისში 37 პროცენტი).
დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-მაისში 1284 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 3 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 554 მლნ. აშშ დოლარს (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 730 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (8 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 55 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი(2012 წლის იანვარ- მაისში შესაბამისად 31, 47 და 26 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2012 წლის იანვარ–მაისში 16 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 48 პროცენტით შემცირდა.
2013 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (574 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (508 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (279 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 26 პროცენტია.
ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 105 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 50 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-მაისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 323 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 284 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 135 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).
