ახალი ამბები

“ბირჟა მაფიის” წევრი და EMC საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ

31 ოქტომბერი, 2017 • 2542
“ბირჟა მაფიის” წევრი და EMC საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” ცნობით, სარჩელით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩხრეკის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. სარჩელი შეტანილია გიორგი ქებურიას სახელით, რომელიც “ბირჟა მაფიის“ საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია.

EMC აცხადებს, რომ კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც სისხლის სამართლის საქმეთა, განსაკუთრებით კი, ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისას დაშვებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

მათივე ცნობით, შეისწავლეს რამდენიმე გახმაურებული საქმე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით.  ყველა შესწავლილი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა ერთგვაროვანი სამართლებრივი ხარვეზები, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ამ საქმეებში პოლიციის მოქმედების კანონიერების და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებასთან დაკავშირებით.

ბირჟა მაფიის საქმეში, ისევე როგორც EMC-ის მიერ შესწავლილ ყველა საქმეში, ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლო ნებართვის გარეშე, მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. თუმცა ყველა საქმეში სასამართლომ კანონიერად ცნო ჩატარებული ჩხრეკა.

EMC-ის ინფორმაციით, მათ საკონსტიტუციო სარჩელში ეს გარემოებები აჩვენებს ნათლად გასაჩივრებული დებულებების არაკონსტიტუციურობას:

[checklist]

  • ოპერატიული ინფორმაციის და წყაროს გადამოწმების სამართლებრივი მექანიზმების არარსებობის მიუხედავად, სადავო ნორმები დასაშვებად მიიჩნევს მათ საფუძველზე ჩხრეკისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის შექმნას. საპროკურორო და სასამართლო კონტროლის მიღმა დარჩენილი პირველწყაროს (კონფიდენტის) ინფორმაციაზე დაყრდნობით პირად ცხოვრებაში ჩარევა ზრდის თვითნებობის, შეცდომის დაშვების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს;
  • ჩხრეკის კანონიერების შემოწმებისას, სასამართლო სრულად ეყრდნობა მხოლოდ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ყოველგვარი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დავალდებულების გარეშე;
  • ნარკოდანაშაულების გამოძიებისას ჩხრეკა და მის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება პრაქტიკულად გადამწყვეტია პირისთვის ბრალის წასაყენებლად. ამ პირობებში კი ბრალდებულს არ აქვს არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, ადეკვატურად დაიცვას თავი და უპასუხოს ბრალდების შემოთავაზებულ ვერსიას, რამდენადაც ვერ აყენებს ოპერატიული ინფორმაციის წყაროს სანდოობის/რეალურობის გადამოწმების საკითხს.
  • პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსიც, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას არ გამორიცხავს პოლიციის თანამშრომელთა ისეთ ჩვენებებზე დაყრდნობით, რომლებიც ირიბი ჩვენების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს და მხოლოდ არაიდენტიფიცირებადი კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სასამართლოსთვის გადაცემის ფუნქციას ასრულებს.

[/checklist]

EMC-ის და გიორგი ქებურიას საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმები, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან (დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს) და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით (ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს; დაცვის უფლება გარანტირებულია).

მასალების გადაბეჭდვის წესი