კომპანიას, რომელმაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტის მიუხედავად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე ათეული ხე მოჭრა, ჰესების მშენებელი კომპანიის დირექტორი ხელმძღვანელობს, რომელსაც ჰესის მშენებლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ, თბილისის ახალარჩეულ მერ კახა კალაძესთან. აღნიშნული კომპანიის მფლობელი ქართული ოცნების შემწირველია.
24 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებიდან მესამე დღეს, ქავთარაძის პირველ ნომერში ხეების მოჭრა დაიწყეს, რომელიც მოქალაქეების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, 28 ოქტომბერს დასრულდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ხეების სხვლა-ფორმირებაზე გასცეს ნებართვა.
ქავთარაძის პირველ ნომერში აშენებულ ახალ შენობაში სავაჭრო და საოფისე ფართები განთავსდება. პროექტის მიხედვით, შენობა კომპოზიციურად ორი ძირითადი ელემენტისაგან შედგება – ჰორიზონტალურად განვითარებული ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრისა [სამი სართული კომერციული, მეოთხე – გართობა/დასვენება] და ვერტიკალურად განვითარებული ცხრამეტსართულიანი საოფისე შენობისაგან.
დამპროექტებლების თქმით, მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს 1000 მანქანაზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი და ღია პარკინგები გააჩნია ვაჟა ფშაველას გამზირის მხრიდან. დახურულ ავტოსადგომებში შესვლა ხდება პანდუსების საშუალებით ვაჟა-ფშაველას გამზირისა და დამაკავშირებელი ქუჩის მხრიდან.
17 776 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა იგეგმება, კომპანია “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიის” საკუთრებაა. “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია” უკვე ფლობს სავაჭრო ცენტრებს თბილისის სხვადასხვა უბანში. კომპანიის საკუთრებაა სავაჭრო ცენტრები “სითი მოლი” გლდანსა და საბურთალოზე.
ოფშორული კომპანიის საკუთრებაში არსებული “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიის” დირექტორი ლევან მესხელია.
ლევან მესხელი ამავე დროს კომპანია “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიის” დირექტორიცაა. 2015 წელს “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიასა” და ენერგეტიკის სამინისტროს შორის დადებული მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც ლევან მესხელმა და კახა კალაძემ მოაწერეს ხელი, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საშუალაზე ორი ჰესის კასკადი უნდა აშენდეს.
ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ორივე ჰესის მშენებლობის სავარაუდო ინვესტიცია 20 მილიონ აშშ დოლარამდე უნდა იყოს. მშენებლობის ნებართვა 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა აიღონ, ხოლო ექსპლუატაციაში 2020 წლის დეკემბრის ბოლოს გაეშვება.
“ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიის” 100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ საბანაძეა. საბანაძე და ლევან მესხელი კიდევ ერთ კომპანიასთან – “ფშავი ჰიდროსთან” არიან დაკავშირებული.
2014 წელის ივნისიდან აგვისტომდე ნოდარ საბანაძე “ფშავი ჰიდროს” მფლობელად ფიქსირდება. 19 ივნისს კახა კალაძემ “ფშავი ჰიდროსთან” მემორანდუმი გააფორმა სკურდიდი ჰესის მშენებლობაზე. მოგვიანებით კომპანიის 72%-ის მფლობელი გახდა რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი რაულ ქურდაძე.
ნოდარ საბანაძის კავშირი საქართველოს მთავრობასთან კომპანია “გრინვილით” გრძელდება, რომლის 90%-ის მფლობელია. “გრინვილი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოს’ პროგრამაში ახლახან ჩაერთო და მათი მხარდაჭერით კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოება უნდა დაიწყოს.
რაც შეეხება კომპანია “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას”, ის 2013 წელს შეიქმნა. 2013 წელსვე მას კომპანია “აი ჯი საქართველო” შეერწყა. თავის მხრივ “აი ჯი საქართველო” კომპანია “ვესტ ინვესტს” 2013 წელს გამოეყო. “ვესტ ინვესტის” დირექტორი ნოდარ საბანაძეა, სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი- მინდია საბანაძე, ხოლო მფლობელი – ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია.
საბანაძეების კომპანია “ვესტ ინვესტი” კულტურის სამინისტროს პროექტ Check in Georgia-ში არის ჩართული. ისინი, ამავე დროს, მმართველ პარტიას აფინანსებენ. 2016-2017 წლებში საბანაძეებმა ქართულ ოცნებას 150 000 ლარი შესწირეს. 2012 წელს კი, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მინდია საბანაძემ მმართველ პარტიას 49 965 ლარი შესწირა.
დეტალურად ნახეთ ინფოგრაფიკა. გასადიდებლად დააჭირეთ შავ ღილაკს მარცხენა ქვედა კუთხეში.