ახალი ამბებისაზოგადოება

Treepex – აღმოჩნდა, რომ სუფთა ჰაერის სასუნთქი მოწყობილობა არ არსებობს

30 ოქტომბერი, 2017 • 6308
Treepex – აღმოჩნდა, რომ სუფთა ჰაერის სასუნთქი მოწყობილობა არ არსებობს

მოწყობილობა Treepex, რომელიც ინტერნეტში ერთი თვის წინ გავრცელებული ვიდეორგოლის მიხედვით, მომხმარებელს სუფთა ჰაერით სუნთქვაში უნდა დახმარებოდა, ხეების დარგვის ონლაინ პლატფორმა აღმოჩნდა.

კამპანიის ავტორების, ბაჩო ხაჩიძისა და ლაშა კვანტალიანის თქმით, პლატფორმა ბორჯომის  ხეობის ტყის აღსადგენად შეიქმნა და იმისთვის, რომ იდეას ემუშავა, საჭირო იყო ყურადღების მიქცევა. სწორედ ამისთვის შექმნეს ვიდეო, რომელშიც აანონსებდნენ ისეთი მოწყობილობის გაყიდვას, რომელიც მომხმარებელს ჟანგბადის დღიურ დოზას მისცემდა.

 ქართველი დეველოპერების, ბაჩო ხაჩიძისა და ლაშა კვანტალიანის ე.წ. გამოგონების, Treepex-ის ვიდეორგოლები ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა. 

ვიდეორგოლების მიხედვით, ახალ გამოგონებას, რომელიც იყო მოწყობილობა და მომხმარებლის ცხვირზე მაგრდებოდა, შეეძლო ნახშიროჟანგის ჟანგბადად გადაქცევა. Treepex-ის გაყიდვა ონლაინ 29 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო , თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოწყობილობა საერთოდ არ არსებობს. სინამდვილეში, Treepex გამწვანების კამპანიაა.

როგორც Treepex-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეორგოლშია აღნიშნული, ყოველწლიურად მილიონობით ხე-ტყე იჩეხება და  დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი კვდება ჰაერის დაბინძურების გამო. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა პრობლემბის გადაჭრის უკიდურესი ხერხები.  Treepex არათუ რაიმე მოწყობილობა, არამედ ინოვაციური პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება ხეების ონლაინ ყიდვა, დარგვა და მათ ზრდაზე თვალყურის დევნა.

“ერთი თვის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი პროდუქტის შესახებ, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა მედიაში და არაერთი დებატის მიზეზი გახდა. თუმცა დრო მოვიდა, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ჩვენ არ გვჭირდება ელექტრონული მოწყობილობები იმისთვის, რომ სუფთა ჰაერით ვისუნთქოთ, ჩვენ გვჭირდება ტყე. სწორედ ეს არის Treepex. თუ თქვენ ზრუნავთ პლანეტაზე, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით შეგიძლიათ ამოირჩიოთ ხე, დაარქვათ მას სახელი და ამოირჩიოთ ადგილი, სადაც მის დარგვას ისრუვებდით. ყოველ ხეს აქვს სპეციალური მიკრო ჩიპი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ხის ზრდის პროცესის თვალყურის დევნა.” – ნათქვამია ვიდეორგოლში

როგორც ბაჩო ხაჩიძე და ლაშა კვანტალიანი რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავენ, კამპანიის იდეა ბორჯომის ტყის საფარის აღდგენისთვისა და გადასარჩენად შეიქმნა. მათი წყალობით, 2 წლის განმავლობაში ბორჯომში 35 ათასი ხე დაირგა.  

“გადავწყვიტეთ, რომ რადიკალური გზებისთვის მიგვემართა და ჩვენი რეპუტაციული რისკი დავდეთ სასწორზე, რომ მივიქციოთ დიდი საზოგადოების ყურადღება. ძალიან დიდი რისკია, თუმცა, შედეგი რაც დადგა, უკვე ძალიან დიდია. მთელი მსოფლიოს ყურადღება დღეიდან მიმართული იქნება ბორჯომისკენ. ამ კამპანიას ექნება ერთადერთი მიზეზი, რომ ბორჯომის ხეობის მიმართ გაიზრდება ყურადღება და დაირგება უფრო მეტი ხე, ვიდრე  ეს შესაძლებელი იქნებოდა მანამდე.” – აცხადებენ დეველოპერები.

ახალი ვებგვერდის მეშვეობით, ხეების დარგვა ბორჯომში, ლუშოტოში(ტანზანია) , კალიფორნიაში (აშშ), აჯამეთში, ტიერა დელ ფუეგოში ( არგენტინა) და კენიის მთაზე განთავსებულ დაცულ ტერიტორიებსა თუ ნაკრძალებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, დარგული ხის გაფორმება შეიძლება როგორც ბავშვის სახელზე ან გარდაცვლილის ხსოვნისთვის, ასევე- სხვისთვის, საჩუქრად.

მასალების გადაბეჭდვის წესი