ახალი ამბები

თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა

29 ოქტომბერი, 2017 • 2204
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა

დღეს, 29 ოქტომბერს, დინამოს აკადემიაში აუტიზმის მქონე ბავშვების საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა. მატჩში მონაწილეობა თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავსა და თელავში მცხოვრებმა ბავშვებმა მიიღეს.
მატჩი ოლიმპიური სისტემით წარიმართა: პირველ ადგილზე გასულ გუნდს – თასი, მეორე და მესამე ადგილოსნებს – სამახსოვრო მედლები, დანარჩენ გუნდებს კი სიგელები გადაეცათ.
პარალელურად, ღონისძიების სტუმრებს ბავშვების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ.

საფეხბურთო კლუბი “Warriors”, რომელიც საქართველოს ხუთ რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს აერთიანებს, გასულ წელს ჩამოყალიბდა. საფეხბურთო ჩემპიონატი კი “თბილისის ბიზნეს სახლის” მხარდაჭერითა და დაფინანსებით შედგა. პროექტის მენეჯერის, ეკო ცირეკიძის თქმით, პროექტი ინტეგრირებულია და მასში ჩართულნი არიან როგორც აუტიზმის მქონე, ისე მისი არმქონე ბავშვები.

“აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ პროექტმა მათ საშუალება მისცა, გამოსულიყვნენ ფართო საზოგადოების წინაშე. არიან ბავშვები, რომლებიც ნაკლებად კონტაქტობდნენ გარშემომყოფებთან, სკოლაში თუ სხვაგან. თუმცა პროცესმა დააახლოვა ისინი ერთმანეთს. პროექტი, რაც მთავარია, იყო ინტეგრირებული. მასში ჩართულნი იყვნენ როგორც აუტიზმის მქონე, ისე არმქონე ბავშვები, რომლებიც სწავლობდნენ ურთიერთობას ერთმანეთთან. საზოგადოებაში ახლაც არსებობს დოგმები, რომ ეს არის შეზღუდული შესაძლებლობები და საზოგადოებისგან უფრო ხშირად იქმნება პრობლემები ამ ბავშვებთან ურთიერთობისას, ვიდრე თავად ბავშვებისგან. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ არ გვაქვს საქმე შეზღუდულ შესაძლებლობებთან. სწორედ ესაა კლუბ “Warriors”-ის ერთ-ერთი მთავარი დევიზი”, – განუცხადა პროექტის მენეჯერმა “ნეტგაზეთს”.

პროექტის ორგანიზატორები მსგავსი საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ. მომდევნო მატჩი კი 2018 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი