ახალი ამბები

ბიორკი თბილისშია

28 ოქტომბერი, 2017 • 3125
ბიორკი თბილისშია

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისში დღეს, 28 ოქტომბერს გამთენიისას ჩამოფრინდა.

მუსიკალური პლატფორმა SOU-ს ინფორმაციით, ბიორკი საქართველოში 12-წევრიან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია ბიორკის განრიგი კონცერტებამდე. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე კუთხეს ესტუმრება.

დღესვე თბილისში ჩამოფრინდება ბიორკის ორივე კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს ბარნასონი ხვალიდან შეუერთდება. ბიორკი თავის სიმღერებს ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.

საქართველოში ორი კონცერტის გამართვის შემდეგ ბიორკი ქვეყნის 4 რეგიონში- სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში- მოგზაურობას და ქართული მუსიკის გაცნობას გეგმავს. ისლანდიელი მუსიკოსი პირველ კონცერტს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართავს, მეორე სოლო-კონცერტი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 3 ნოემბერს გაიმართება.

SOU-ს ინფორმაციით, ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად გაყიდულია,  საქართველოს გარდა, ბილეთები 25 ქვეყნის წარმომადგენლებმაც შეიძინეს. ფილარმონიის კონცერტზე კი დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).

მასალების გადაბეჭდვის წესი