კახა კალაძე: ჩვენ ვართ პარტია და მობილიზებას ვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების

თბილისის არჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამომრჩეველთან დარეკვა და იმის კითხვა, დააფიქსირა თუ არა არჩევანი, მიღებული პრაქტიკაა.

“კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მოსული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პარტია და მობილიზებას ვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების, ეს მიღებული პრაქტიკაა და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ჩვენს მხარდამჭერებთან დაკავშირებით, ყველაზე მეტი შეხვედრა, თქვენი აზრით, რომელმა პარტიამ და კანდიდატმა განახორციელა. ყოველდღიურად 6-7 შეხვედრა გვქონდა ყველა რაიონში. ყველა უბანში ვცდილობდით მივსულიყავით და გაგვეცნო მოსახლეობისთვის ჩვენი ხედვა და ჩვენი გეგმა, თუ რას ვაპირებდით, შედეგიც დადგა ხომ? პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ”,- განაცხადა კალაძემ.

“ნეტგაზეთი” შეეცადა კალაძესთან დაეზუსტებინა, ეთანხმება თუ არა ეუთოს შეფასებას, რომ ეს პრაქტიკა არის ამომრჩევლის ნების კონტროლი, თუმცა მან ტერიტორია სწრაფად დატოვა. მას ასევე ჰკითხეს, საიდან ჰქონდათ წვდომა მოსახლეობის ტელეფონთა ბაზაზე, რაზეც განაცხადა, რომ “ჩვენი მხარდამჭერები არიან”.

არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს “ნეტგაზეთს” არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებმაც გვაცნობეს, რომ მათ ტელეფონით დაუკავშირდნენ კალაძის მხარდამჭერთა კლუბიდან. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ კლუბის წარმომადგენელი მათ ეკითხებოდა – “იყვნენ თუ არა უკვე არჩევნებზე და დააფიქსირეს თუ არა უკვე არჩევანი?” როგორც მოქალაქეები გვიცხადებდნენ, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მათი ტელეფონის ნომრები ჰქონდა კალაძის მხარდამჭერთა კლუბს, ზოგიერთმა მათგანმა გაარკვია, რომ ტელეფონის ნომრები კლუბმა ამ მოქალაქეების უბანში მომუშავე “ოცნების” კოორდინატირების საშუალებით მოიძია.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიი ხელმძღვანელის თქმით, არჩევნებში ხმის მიცემა/არმიცემა ადამიანის პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში არ უნდა იყოს ამ მონაცემების შეგროვება.

ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, კახა კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა და იგი თბილისის მერი გახდება. კალაძემ ხმების 51.4% მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com