ახალი ამბები

სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი დაითხოვა – დაპირისპირება და მხარეთა არგუმენტები

25 ოქტომბერი, 2017 • 2252
სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი დაითხოვა – დაპირისპირება და მხარეთა არგუმენტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობიდან დაითხოვა. გადაწყვეტილება უწყებამ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც სკოლაში არსებულ ვითარებას სამი თვის განმავლობაში სწავლობდა. შესაძლო დარღვევებზე დეპარტამენტს სკოლის პედაგოგთა ნაწილმა მაისში მიმართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის დირექტორის საქმიანობიდან არაერთი დარღვევა გამოიკვეთა, როგორც ფინანსური, ისე ქონების განკარგვის კუთხით.

“სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატიურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს გადაწყვეტილებას დღეს ოვაციებით შეხვდნენ ის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დირექტორის მიერ ქიმიის პედაგოგ დოდო კეზუას გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რის გამოც სასწავლო პროცესი სანახევროდ ჩაშლილი იყო. რამდენიმე ათეულმა მოსწავლემ მარიამ თავართქილაძე შეძახილებით გააცილა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, უკავშირდება თუ არა დირექტორის მოხსნის გადაწყვეტილება ბოლო დღეების მანძილზე სკოლაში განვითარებულ მოვლენებს, რაზეც უწყების პრესსამსახურში უარყოფითი პასუხი გაგვცეს და აღნიშნეს, რომ “მასწავლებელსა და დირექტორს შორის დავას სამსახურზე ან საათებზე სამინისტრო და შიდა აუდიტი ვერ განიხილავს”.

პედაგოგიური კოლექტივის ის ნაწილი, რომელიც უკვე ყოფილ დირექტორს მათი კოლეგის უსამართლოდ გათავისუფლებაში სდებდნენ ბრალს, ამბობენ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან. მათი განცხადებით, თავართქილაძე გადაწყვეტილებებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იღებდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს სკოლაში გასულ წელს ჩატარებული სამეურვეო საბჭოს არჩევნების შემდეგ მიმართეს, როცა დირექტორი პედაგოგებს აიძულებდა, ხმა მიეცათ მისთვის სასურველი კანდიდატებისთვის. მისივე თქმით, აღნიშნული გარემოება გახდა დოდო კეზუას გათავისუფლების მიზეზიც.

“ჩვენ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდით ზეწოლის ქვეშ. ჩვენ გვითხრეს, რომ მისთვის სასურველი კანდიდატებისთვის უნდა მიგვეცა ხმა. ჩვენ არ მოვიქეცით ასე და ამიტომ ხორციელდებოდა ჩვენზე ზეწოლა. შეგვიმცირეს საათები და წაგვართვეს კლასები. მე პირადად,18 საათიდან მხოლოდ 4 საათი დამიტოვეს. დოდო კეზუას გათავისუფლების მიზეზიც ეს იყო. რამდენიმე მშობელს დააწერინეს საჩივარი, თუმცა არც ერთ ბავშვს დაუდასტურებია, რომ კეზუამ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენა,” – განაცხადა მუსიკის პედაგოგმა ცირა ნაყეურმა, რომელიც დირექტრის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის განმავლობაში სკოლის შენობასთან აპროტესტებდა.

დაპირისპირება 67-ე სკოლაში დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწყო. სკოლის იმჟამინდელი დირექტორი მარიამ თავართქილაძე პედაგოგის გათავისუფლების მიზეზად კეზუას წინააღმდეგ სკოლის დისციპლინარულ საბჭოში მშობლების მხრიდან შესულ ორ საჩივარს ასახელებდა: პირველ შემთხვევაში, კეზუას ერთ-ერთი მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში მოსწავლეები და კლასის დამრიგებლები ადანაშაულებდნენ. მეორე საჩივარში სხვა კლასის მოსწავლის მშობელი აღნიშნავს, რომ პედაგოგმა მისი შვილი ეთნიკური ნიშნით შეურაცხყო. პედაგოგი ორივე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დირექტორმა და კლასის დამრიგებელმა მოსწავლეები აიძულეს, მის წინააღმდეგ საჩივარი დაეწერათ. მისი თქმით, ფიზიკურად არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, მეორე შემთხვევაში კი, როგორც თავად ამბობს, სამი წლის წინ მოხდა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეს შეცდომით “თათარი” უწოდა, რაზეც შემდგომ მოუბოდიშა.

თავად მარიამ თავართქილაძე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს “ცუდი მაგალითია მომავალი თაობებისთვის”. მისი თქმით, სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს ჯეროვანი პასუხი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გასცა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება არა დასკვნას, არამედ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ყოფილი დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა ნაწილი სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე დოდო კეზუასა და სხვა რამდენიმე პედაგოგის გავლენით აცხადებდა უარს.

“შიდა აუდიტის დასკვნა დაიდო ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში. ეს დასკვნა იყო ყველანაირად პასუხგაცემული თავისი მტკიცებულებებით. ეს დასკვნა მოჰყვა იმას, რაც დღეს ხდებოდა, იმას, რომ თანამდებობიდან გავათავისუფლე მოძალადე მასწავლებელი. რომ არა ეს ფაქტი, მსგავსი შედეგი არ დადგებოდა.

ეს მასწავლებელი არის რიგითი მოძალადე. არსებობს მტკიცებულებებიც, თუმცა მათი გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ, რადგან არის კონფიდენციალური ინფორმაცია. მან იძალადა ბავშვებზე დღესაც, როცა გარეთ გაიყვანა და ბრბოდ გადააქცია. ბრბოს ფსიქოლოგია კი ყველას გვესმის, რას ნიშნავს”, – ამბობს თავართქილაძე.

ყოფილი დირექტორი უარყოფს პედაგოგთა ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებსაც, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნებში საკუთარ კანდიდატურებს ლობირებდა. თავართქილაძის თქმით, “მისთვის ყველა პედაგოგი სასურველია და არ ესმის, რა მტკიცებულებების საფუძველზე საუბრობენ პედაგოგები”.

მარიამ თავართქილაძეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა ამ დროისთვის არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში იმოქმედებს. სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგი დოდო კეზუაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი