ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია

17 ივნისი, 2013 •
საქართველოს რკინიგზის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია

შეხვედრის დაწყებამდე რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მოხდება რკინიგზის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია და კომპანიის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების განხილვა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია:

 

“კომპანიას აქვს ზრდა წინა წლებთან შედარებით. უფრო კარგად ვითარდება კომპანია და პოზიტიურ შედეგს ელოდება”. კომპანიის გენ. დირექტორმა ასევე ისაუბრა კომპანიის სამომავლო პროექტებზე, მათ შორის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე. მისი განცხადებით, ეს პროექტი ეკონომიკურად არასახარბიელოა რკინიგზისთვის – მისი ტექნიკური მახასიათებლები არ არის დამაკმაყოფილებელი, ამიტომ კომპანიის მენეჯმენტი მუშაობს პროექტის გადამზადებაზე და ამისთვის მათ გერმანელი კონსულტანტები დაიქირავეს.

 

საქართველოს რკინიგზის სამომავლო სტრატეგიაზე კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. მისი განცხადებით, რკინიგზა სტრატეგიული მიმართულებაა და მთავრობის სტრატეგიაა ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა და სოციალური განვითარება. მისი თქმით, ტრანსკავკასიური კორიდორის განვითარება საკმაოდ მნიშნელოვანი იქნება ქვეყნისთვის და ამ მიმართლებით რკინიგზის განვითარების სტრატეგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიექცევა.

 

რკინიგზის განვითარების გეგმებზე ისაუბრა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, დღეს შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება განვითარების გეგმა. რკინიგზის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია და წლების განმავლობაში ეს იყო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, ერთ–ერთი მთავარი დამსაქმებელი და ბიუჯეტში გადასახადების ერთ–ერთი მთავარი გადამხდელი. მინისტრის განცხადებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია რკინიგზის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა და სწრაფ ტემპში უნდა მოხდეს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება.


კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მისი განცხადებით, საკმაოდ მნიშნელოვანია რკინიგზის როლი საქართველოს ეკონომიკაში და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ამ კომპანიის სერიოზული გადაიარაღება, ინფრასტრუქტურის გამართვა და რკინიგზა უნდა გახდეს მნიშვნელოვანი გადამხდელი საქართველოს ბიუჯეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი