ახალი ამბები

“ევრიკამ” “ერთსულოვნება” გათიშა და “მაესტრო” ჩართო

14 ივნისი, 2013 •
“ევრიკამ” “ერთსულოვნება” გათიშა და “მაესტრო” ჩართო

როგორც “მაესტროს” დირექტორი ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, ტელეკომპანია “ევრიკასთან” ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა:

 

“ჩვენ ვთანამშრომლობთ “ევრიკასთან”, დღეიდან გაფორმდა ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ოფიციალურად, გარკვეული დროით, თუმცა დეტალებს ვერ გეტყვით, არის რაღაც კონფიდენციალური საკითხები, რაზეც ვერ გესაუბრებით”, – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

 

მაესტრო
მაესტრო

ტელეკომპანია “ევრიკასა” და საპატრიარქოს ტელევიზიას შორის 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულება 2013 წლის 1 მაისს ამოიწურა, საპატრიარქოს ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თამარ არჩვაძის განცხადებით, მათთვის უცნობია, თუ რატომ აღარ გაუგრძელა “ევრიკამ” საპატრიარქოს ხელშეკრულება.

 

“ევრიკას” გენერალურმა დირექტორმა, ოთარ ჩხარტიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა არხი საკუთარი გადაცემებით დაეტვირთათ, თუმცა გუშინ, 13 ივნისს, არხის მეშვეობიე ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა დაიწყო.

 

ტელერადიოკომპანია “ევრიკა” 1993 წლის 21 მაისს დაფუძნდა. 2002 წლიდან არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შემდეგ მათ სტუდია “მაესტროსთან” ჰქონდათ გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, თბილისის მასშტაბით 25-ე დეციმეტრულ არხზე მათი პროდუქციის რეტრანსლაციას ახდენდნენ.  საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებასთან” კი ხელშეკრულება “ევრიკამ” 2008 წელს გააფორმა.

 

ტელერადიოკომპანია “ევრიკას” 71 -პროცენტიანი წილი 2012 წლის 23 ოქტომბერს იაგო ჩოჩელმა 250 ათას ლარად ილია ინჯიაზე გაყიდა, რომელიც დღეის მდგომაროებით კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელია

მასალების გადაბეჭდვის წესი