ახალი ამბები

კუბლაშვილი ომბუდსმენის მოთხოვნის გათვალისწინებას დაუშვებლად მიიჩნევს

13 ივნისი, 2013 • • 1311
კუბლაშვილი ომბუდსმენის მოთხოვნის გათვალისწინებას დაუშვებლად მიიჩნევს

“მე წავიკითხე ომბუდსმენის ეს განცხადება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ასეთი სახის წერილი, იქნება ეს სახალხო დამცველის თუ სხვისი მხრიდან, რომ იქ რომელიღაც საქმეში რაღაც არასწორად მოხდა და დავიწყოთ დევნა, იქნება დაუსაბუთებლი. ჩვენ ყველას ვუთხარით და ყველამ უნდა იცოდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ამოწმებს, ვერ ამოწმებს და ვერასდროს ვერ შეამოწმებს, რამდენად კანონიერად მიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, ეს არ არის მისი კომპეტენცია”, – განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს, 13 ივნისს.

 

კუბლაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს რომ გააკეთოს, ეს იქნება საბჭოს მიერ მოსამართლის იურისდიქციაში

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

პირდაპირ ჩარევა.


“ამ შემთხვევაში განსხვავება არ არსებობს, გნებავთ, პროკურორმა უთხრას მოსამართლესმ უნდა დაგკითხო მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როგორც ეს მოხდა ცოტა ხნის წინ, გნებავთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ეს არავის საქმე არ არის, ეს არის მხოლოდ ზემდგომი მოსამართლეების საქმე და თუ ესეც არ აკმაყოფილებს მომჩივანს, მაშინ უნდა მიმართოს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, – მიიჩნევს კონსტანტინე კუბლაშილი.


სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების და კანონშესაბამისი რეაგირების წინადადებით დღეს მიმართა.

 

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს – ინგა კვაჭანტირაძეს, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  პალატის მოსამართლეების ჯუმბერ რუსიაშვილს, ირაკლი შენგელიას  და ივანე ღლონტს.


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა და ჯეროვნად არ შეასრულეს მოსამართლის მოვალეობა. საქმე ეხება სააქციო საზოგადოება „ელიტ-ელექტრონიქსში“ განხორციელებული საგადასახადო შემოწმების კანონიერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი