ახალი ამბები

“შესაძლებელია კანონის ინტერპრეტაცია ისე, რომ პრემიერმა ვერ შეძლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დათხოვნა”

13 ივნისი, 2013 •
“შესაძლებელია კანონის ინტერპრეტაცია ისე, რომ პრემიერმა ვერ შეძლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დათხოვნა”

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თათული თოდუა კანონპროექტში არსებულ ბუნდოვანებაზე საუბრობს:

 

“პირველ რიგში, აღვნიშნავ კანონპროექტის ჩანაწერის შესახებ, რომელიც პრემიერს ანიჭებს უფლებას, თვითონ დანიშნოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დღეს მოქმედ კანონში განსაზღვრულია, რომ უნივერსიტეტის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს აკადემიური საბჭო. კანონში აღნიშნული მუხლი არც იცვლება და არც უქმდება. რეალურად, ამ სახით თუ მიიღეს კანონი, აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხს ერთი კანონის ორი მუხლი სხვადასხვაგვარად არეგულირებს”.

 

თათული თოდუა
თათული თოდუა

თათული თოდუა აცხადებს, რომ შესაძლოა, იმის გამო, რომ ერთი მუხლი უფრო ახალია, მას მიენიჭოს უპირატესობა.

 

“თუმცა, არ ვიცი, რამდენად შეიძლება გახდეს ინტერპრეტაციის საგანი, რომ ამ კანონის მიღებამდე და ძალაში შესვლამდე რექტორს შეუწყდა უფლებამოვალეობა  ვადამდე და უკვე დაინიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. შესაძლოა, ისეთი ინტერპრეტაციაც მიეცეს ამ საკითხს კანონის ბუნდოვანების გამო, რომ პრემიერის ეს უფლებამოსილება მიებას ამ კანონის კიდევ ერთ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ რექტორების უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ თანამდებობის დაკავებისთვის გათვალისწინებულ მთხოვნებს”, – განუცხადა თათული თოდუამ “ნეტგაზეთს”.

 

თათული თოდუას განმარტებით, კანონპროექტში ასევე ბუნდოვანია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლების საკითხი.

 

“არ გამოვრიცხავ ამ კანონის იმგვარ ინტერპრეტაციასაც, რომ პრემიერმა ვერ შეძლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლება, რადგან მას შემოთავაზებული ცვლილებებით მხოლოდ შეუძლია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, თუ რექტორს ვადამდე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება. ეს თუ ასე მოხდა, ეს იქნება კანონთან შესაბამისი, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი ბუნდოვანია და მკაფიოდ არ განმარტავს.

 

კანონის მოთხოვნაა, რომ მხოლოდ იმ რექტორებს შეუწყდეთ უფლებამოსილება, რომლებსაც არა აქვთ ამ თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი აკადემიური ხარისხი და არა მოვალეობის შემსრულებლებს. კანონში არ წერია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნდა ჰქონდეს თუ არა დოქტორის ხარისხი.

 

უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ კანონპროექტში ჩაწერილიყო, თუ დოქტორის ხარისხის არმქონე პირი ვერ დაიკავებს რექტორის თანამდებობას, მაშინ მან ვერც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ვერ უნდა დაიკავოს. ეს იქნებოდა კანონის უზენაესობიდან და ლოგიკიდან გამომდინარე”,– ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათული თოდუა.

 

მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, საია–სთვის მიუღებელია აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევა უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და ამ მუხლის არსებობას გაიხილავს როგორც უნივერსიტეტის ავტონომიის შელახვას და დარღვევას.

 

“თუ ამ მუხლს პრაქტიკაში ფართო ინტერპრეტაცია მიეცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ავტონომიის დარღვევაც  უფრო მასშტაბური იქნება. ჩვენ მომხრე ვიქნებით, რომ კანონი ბუნდოვანი მუხლები  განიმარტოს უნივერსიტეტის ავტონომიის სასარგებლოდ, რომ პრემიერ–მინისტრს არ მიეცეს საშუალება, თვითონ დანიშნოს რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საია–ს იურისტმა თათული თოდუამ.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება უმაღლესი განათლების შესახებ კანონს ცვლის, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორის პოსტის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის ხარისხი. მოქმედ რექტორებს, რომლებსაც დოქტორის ხარისხი არ აქვთ, მოუწევთ პოსტის დატოვება, ახალი რექტორის არჩევამდე კი პრემიერ–მინისტრი დანიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნულს უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევა უწოდა და აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. აკადემიურმა საბჭომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა, ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი