ახალი ამბები

ბრეგაძის თქმით, პატრიოტების ერთ-ერთი ლიდერი კალაძის მხარდამჭერია და არა ინაშვილის

20 ოქტომბერი, 2017 • 5953
ბრეგაძის თქმით, პატრიოტების ერთ-ერთი ლიდერი კალაძის მხარდამჭერია და არა ინაშვილის

ე.წ. ქართული მარშის ლიდერები აცხადებენ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საარჩევნო სიის მეორე ნომერი ფრიდონ ინჯია თბილისის მერის არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატს, კახა კალაძეს უჭერს მხარს და არა მისი პარტიის კანდიდატ ირმა ინაშვილს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც “ქართული მარში” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მომდევნო არჩევნებისთვის აპირებს თუ არა ე.წ. ქართული მარში პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას, სანდრო ბრეგაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას შემდგომი პროცესებიდან გამომდინარე მიიღებენ, ხოლო დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობით არანაირ არჩევნებში მონაწილეობას აქვს აზრი.

“თუკი იქნება იგივე საარჩევნო გარემო, თუკი იქნება იგივე საარჩევნო კანონმდებლობა, თუკი იარსებებს იგივე სახელისუფლებო ვერტიკალი და სისტემა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, მაშინ ამ ქვეყანაში ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს არანაირი აზრი აქვს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ მანკიერი სისტემის დანგრევისთვის, რომელი სისტემაც დღეს არის და შემდგომ უნდა ვიფიქროთ არჩევნებზე და სკამებზე. დღეს ყველა ფიქრობს სკამებზე, ყველა ფიქრობს სარგებელზე და არავინ ფიქრობს სისტემის დანგრევაზე. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ და ვაანონსებთ ბრძოლას იმ უკიდურესობების წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც წარიმართება, ჩვენ გადავწყვეტთ შემდგომში, “ქართული მარში” პოლიტიკური გუნდი იქნება- საზოგადოებრივ გუნდად დარჩება თუ როგორი იქნება- მაგრამ ჩვენი პირველი რიგის ამოცანა დღესდღეისობით არის იმ საარჩევნო კანონმდებლობის და მანკიერი სისტემის საბოლოოდ დანგრევა, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ვიმყოფებით. ამიტომ ვაცხადებთ ჩვენ, რომ არჩევნების ბოიკოტი არის ერთადერთი გზა იმისა, რომ წავიდეთ ეროვნული განვითარების გზით,” – განგვიცხადა “ქართული მარშის” ლიდერმა და ამის მაგალითად “პატრიოტთა ალიანსის” თბილისის საარჩევნო სიის მეორე ნომრის, ფრიდონ ინჯიას მიერ კონსტანტინე მორგოშიასთან გაგზავნილი წერილი მოიყვანა.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ფრიდონ ინჯია, რომელიც, მისი თქმით, კახა კალაძის მხარდამჭერია და არა თავისი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის, ამავე დროს, არის “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, არის სახე იმ სიმახინჯისა, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ დანერგა ამ ქვეყანაში:

“მარტივ მაგალითს გეტყვით და არაფერი დასამალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პატრიორთა ალიანსი ჩვენი მეგობარი ორგანიზაციაა, მათ პირდაპირ ვუთხარით, რომ მათი მეორე ნომერი საკრებულოს სიაში არის ცნობილი კორუმპირებული ჩინოვნიკი ფრიდონ ინჯია, მაგრამ გავანებოთ მის კორუმპირებულობას თავი. ჩვენ შეგვიძლია განახოთ მის მიერ მოწერილი წერილი, როდესაც მივედით მასთან დახმარებისთვის, რათა “მარშისთვის” გვჭირდებოდა გარკვეული დახმარება, მან პირდაპირ განგვიცხადა, რომ ვუპირისპირდებით სამთავრობო კანდიდატს, კახა კალაძეს და აქედან გამომდიანრე ჩემი თქვენდამი დახმარება გამორიცხულია, რადგანაც მე ვარ კახა კალაძის მხარდამჭერიო. ჩვენ გვაქვს ამის დოკუმენტი. ახლა, ამ არჩევნებში, როდესაც ძირითადი ოპოზიციური ძალის მეორე ნომერი მხარს უჭერს არა თავისი პარტიის ლიდერს ირმა ინაშვილს, არამედ კახა კალაძეს, მე გეკითხებით – ამ არჩევნებს რაიმე აზრი აქვს? ეს არის დახლი, სადაც დგანან ვაჭრები. ეს არის “დეზერტირების ბაზარი”, სადაც მიმდინაროებს ვაჭრობა და სამარცხვინო საქციელი. თავის ხელისუფლებიან-ოპოზიციანად უნდა დაინგრეს ეს სიტემა იმიტომ, რომ ესენი არიან ერთი სიმსივნის მეტასტაზები, რომელმაც წლების განმავლობაში შეჭამა ქვეყანა.”

ე.წ. ქართული მარშის ერთ-ერთმა წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ, რომელიც წინა არჩევნებზე თავად იყო “პატრიოტების” კანდიდატი, ნეტგაზეთს ის წერილი გამოუგზავნა, რომელიც, მისი თქმით, პარტიის მოქმედმა ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ მისწერა. წერილის მიხედვით, “პატრიოტების” თბილისის საარჩევნო სიის მეორე ნომერი თავდაპირვლად “ქართული მარშის” წევრებს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კახა კალაძის ოფისთან მოძრაობამ საპროტესტო აქცია გამართა, გადაწყვეტილება შეცვალა.

“12-ში დამირეკეა ლადომ და აბსოლუტურად შეცვლილი ტონით შემეკითხა, – აი, თქვენ რომ დაგვპირდითო… მაშინ კი ვუთხარი, რომ ჯერ ამის გაკეთება არ შემეძლო, თუმცა იქვე აღვნიშნე, კიდევ ვიფიქრებ-მეთქი…

და შემდეგ რა მოხდა? კახა კალაძეს მიადგნენ ოფისში და მოაწყვეს იქ ბუნტი. მე რომ მათ რაიმეთი დავხმარებოდი, ხომ მომეჭრებოდა თავი? ვმეგობრობ კახასთანაც და კახას მამასთანაც. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფეხბურთი ჩემი ჰობია.

გარდა ამისა, ძალიან კარგად იციან, რომ რასაც ისინი ითხოვენ პოლიტიკურ ველზე საქართველოში, კალაძე ჯერჯერობით არ წყვეტს მას. სხვა პირია ამ საკითხების გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი. მაშ რისთვის მიადგნენ კალაძეს? შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ფულის შოვნა“ (გამოძალვა) იყო ამის მიზანი. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე მოიქცევიან სხვასთან მიმართებაშიც. მაგალითად, თქვენთან, თუ მათი მხარდაჭერა შეწყვიტეთ. ეს არასწორი პოლიტიკაა და ასე შედეგს ვერავინ მიაღწევს,” – ნათქვამია პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ფრიდონ ინჯიას წერილში, რომელიც კონსტანტინე მორგოშიამ ნეტგაზეთს გამოუგზავნა.

ნეტგაზეთი საპასუხო კომენტარისთვის “პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატთან, ირმა ინაშვილთან უშედეგოდ ეცადა დაკავშირებას. ჩვენ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს ვესაუბრეთ. მან ინფორმაციის გადასამოწმებლად ფრიდონ ინჯიას მიერ კონსტანტინე მორგოშიასთან გაგზავნილი წერილის ნახვა მოისურვა, რომელიც ელექტრონულ მისამართზე გავუგზავნეთ, ხოლო თუ საპასუხო კომენტარის გაკეთებას მოისურვებს, პარტიის პოზიციას ამავე მასალაში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობისთვის სულ 13 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის: კახა კალაძე (ქართული ოცნება), ზაალ უდუმაშვილი (ენმ), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), კახა კუკავა (ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა – დავით უსუფაშვილი), გიორგი ვაშაძე (ერთობა – ახალი საქართველო) და გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია).

მასალების გადაბეჭდვის წესი