ახალი ამბები

ევროკავშირის ორმილიონიანი ტრანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასაძლირებლად

12 ივნისი, 2013 •
ევროკავშირის ორმილიონიანი ტრანში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასაძლირებლად

სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების დეტალებზე საუბრისას ერთ-ერთი საკვანძო საკითხი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორია:  

 

„ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარება შესაბამისი სტრატეგიით მოხდეს, რათა ეს სფერო ევროკავშირის ქვეყნებში ამ სექტორის დონეს მიუახლოვდეს.“ 

 

საქართველო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად 40 მილიონი ევროს დაფინანსებას სხვადასხვა კომპონენტში 2013–2016 წლებში მიიღებს.

 

40- მილიონიანი პროექტის ფარგლებში, საქართველოს თანხა ჯერ არ მიუღია. პირველი ტრანშის გადმორიცხვის საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროში 12 ივნისს  გადაწყდა.  ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ თანხის სწრაფად გადმორიცხვის კუთხით ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს. 

 

„ბიუროკრატიას სჭირდება თავისი დრო, ამას აქვს თავისი მექანიზმები. ეს პროგრამა არის გაწერილი 2013–2016 წლებზე. ძირითადად ეს თანხა მოხმარდება ექსპერტების მომზადებას ფიტოსანიტარული ნორმების ამაღლებითვის. თანხა დაიხარჯება რეგიონებში სოფლის მეურნეობის მარეგულირებელი უწყებების სათანადო აღჭურვაზე. ვგულისხმობ თანამშრომლების კვალიფიკაციას და შესაბამის ტექნიკას. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო დახმარების მიღება.“

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ხოსე ეჩანოე ამბობს, რომ  2 მილიონი ევროს პირველი ტრანში ENPARD–ისთვის გათვალისწინებული 40 მილიონი ევროს პროგრამის ნაწილია:

 

„ამ პროგრამას აქვს სხვადასხვა კომპონენტი. მათ შორის ერთ–ერთი იქნება ტექნიკური დახმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისათვის, რომელიც განხორციელდება FAO-ს მიერ. ასევე, გრანტებს გადავცემთ ფერმერებითვის, რათა მათ მხარი დაუჭირონ კოოპერატივების შექმნას. ჩვენ ასევე ვაძლევთ გარკვეულ ბიუჯეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმისთვის, რომ მათ განახორციელონ მომსახურება სოფლის მეურნეობის დარგში.“  

 

ხუან ხოსე ეჩანოეს ინფორმაციით, 2 მილიონი ევროს ტრანშს სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო პოლიტიკის შემუშავებასა და სტრუქტურის გაძლიერებაზე დახარჯავს. ამ პროექტს სამინიტროში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს.

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში რაიმონდ იელე ამბობს, რომ ეს არის ახალი, 2 მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელსაც განახორციელებს  (FAO) და დააფინანსებს ევროკავშირი ENPARD–ის პროექტის ქვეშ.

 

“საქართველოში ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერეტბი, რომლებიც დახმარებას გაუწევენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ისეთ დარგში, როგორიც არის კოოპერატივების პოპულარიზაცია, ფერმერებში სტატისტიკის მოპოვების გაუმჯობესება. გარადა ამისა, შეიქმნება სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიტიკის განყოფილება, რომელიც თვითონ შეეცდება შემდგომში სახელმწიფო სტრატეგიის საკითხების დახვეწას.“  

 

სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიას განცხადებით, ამ პროგრამის მიზანი არის სახელმწიფო უწყებებში შესაბამისი სტრუქტურების გაძლირება:

 

„ეს  ფინანსური რესურსი დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში. ამ პროექტის ფარგლებში გაძლიერდება პოლიტიკის სამმართველო სამინისტროს შიგნით, რომელიც განახორციელებს სოფლის მეურნეობის სტრატეგიას.“  

 

სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ამ პროექტის ფარგლებში სამინისტროების კოორდიანციას მისი უწყება ახორციელებს:

 

„ჩვენ გვაქვს შიდა მაკოორდინირებელი ფუნქცია, რაც  ნიშნავს პრიორიტეტების განსაზღვრას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აყალიბებს სექტორის განვითარების სტრატეგიას, ჩვენ კი ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას ვაწვდით.“

მასალების გადაბეჭდვის წესი