ახალი ამბები

სუს-ის ზეწოლა თუ პირადი მიზეზები – რატომ წავიდა ასპინძის გამგეობიდან 7 თანამშრომელი

19 ოქტომბერი, 2017 • 2533
სუს-ის ზეწოლა თუ პირადი მიზეზები – რატომ წავიდა ასპინძის გამგეობიდან 7 თანამშრომელი

ასპინძის მოქმედი გამგებლის, ლევან ცაბაძის თქმით, გამგეობის შვიდმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის გამო დატოვა. ცაბაძე, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია, ამის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მის მიერ დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას ასახელებს. მისი თქმით, ყველა მათგანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 13-დან 15 ოქტომბრამდე პერიოდში დაწერა, პირად საუბრებში კი დაადასტურეს, რომ გადაწყვეტილება ზეწოლის შემდეგ მიიღეს.

გამგებლის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში გამგეობიდან წავიდნენ მისი მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ანა ტივაძე, იურიდიული განყოფილების უფროსი ალექსანდრე სუარიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მიხეილ მაისურაძე, ეკონომიკის სამსახურის უფროსი დავით პაპაშვილი, ასევე სოფელ იდუმალისა და ოშორის რწმუნებულები – ტარიელ აფციაური და თენგიზ გიგაშვილი.

“გამიკვირდა, როცა ჩემმა მოადგილემ დაწერა განცხადება. ჩემი აქტიური მხარდამჭერი იყო. [მითხრა] მერე მოგიყვებიო, არჩევნების მერეო. ეს იყო ჩემი საყრდენი ფიგურა, ამიტომ, ვიფიქრე, რომ ჩემი დასუსტების მიზნით მიიქცია ასეთი ყურადღება. ამას მოჰყვა სხვა განცხადებები. წასულების უმრავლესობა შვებულებაში იყო. რომ ვკითხე, რა ხდებოდა, პირად საუბრებში დამიდასტურეს, რომ ზეწოლის ქვეშ არიან.
…ვიღაც გატყდა, ვიღაცამ არ დაწერა განცხადება.
ადამიანებმა რაც მითხრეს, ემუქრებიან ოჯახით, დაჭერით და ასეთი რაღაცებით”.

ცაბაძის თქმით, პროცესში სუს-ის 5-6 ადგილობრივი თანამშრომელი მონაწილეობდა. მოქმედი გამგებელი და დამოუკიდებელი კანდიდატი ფიქრობს, რომ პროცესები ადგილობრივ დონეზე იმართება.

“მე ვფიქრობ, რომ საქმის კურსში ზემოთ არავინ არის და ადგილობრივ, რეგიონალურ დონეზე ხდება”, – ამბობს ის.

ვითარების გარკვევის მიზნით “ნეტგაზეთმა” ასპინძის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირება სცადა. ანა ტივაძემ, ალექსანდრე სუარიძემ, მიხეილ მაისურაძემ და თამაზ გიგაშვილმა გამგებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ დაადასტურეს და სამსახურის დატოვება პირადი მიზეზებით ახსნეს. მათი თქმით, განცხადებების დაწერის შემდეგ გამგებელთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ტარიელ აფციაურმა კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა, ალექსანდრე პაპაშვილთან და დავით პაპაშვილთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა.

ზეწოლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს გამგეობის მელიორაციის სამსახურის უფროსი გიორგი ბერიძე, რომელიც მოვალეობის შესრულებას ამ დრომდე განაგრძობს. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ანტიკორუფციული ბიუროს ახალციხის სამმართველოში წაიყვანეს და აიძულებდნენ განეცხადებინა, რომ გამგებელი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა.

“მე და ჩემს მეუღლეს მთაში პატარა ფერმა გვაქვს. იყო იმის მცდელობა, მეთქვა, რომ ლევან ცაბაძის საქონელი მყავდა ფერმაში და ის [ჩემი სახით] ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა. ეს რომ არ გამოუვიდათ, ჩვენთან არის სუსის თანამშრომელი გ.ლ, რომელსაც თავისი შვილის სახელზე აქვს ფერმა. შეთანხმებულები ვიყავით, რომ ჩემი საქონელი(ნაწილი) მის ფერმაში უნდა ყოფილიყო და სანაცვლოდ მე მის საქონელს მოვუვლიდი. რომ არაფერი გამოუვიდათ, ჩემი საქონელი გამოყარა თავისი ფერმიდან.
მეგობართან ვიყავი, ეზოში. მკითხეს, გიორგი ბერიძე ხარო? რომ დავუდასტურე, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს სამმართველოში. 10:00-დან 19:00-მდე ვიყავი იქ. ამის შემდეგ ჩემი მძღოლი დაკითხეს, იმავე თემაზე”, – განუცხადა ბერიძემ “ნეტგაზეთს”.

ბრალდებებთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამეტში და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს.

ასპინძის მოქმედმა გამგებელმა ლევან ცაბაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობა 2017 წლის აგვისტოს ბოლოს გადაწყვიტა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ “ქართული ოცნება”, მისი გვერდის ავლით, არჩევნებში სხვა კანდიდატის წარდგენას აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი