ახალი ამბებირეკლამა

კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკა და თბილისის ავტომანქანებისგან განტვირთვის პერსპექტივა

19 ოქტომბერი, 2017 • 2414
კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკა და თბილისის ავტომანქანებისგან განტვირთვის პერსპექტივა

დედაქალაქზე საუბრისას, სიმწვანისა და უბნის მყუდროების ნაცვლად,  თბილისელების უმრავლესობას მშენებლობებისა და ტრანსპორტისგან შექმნილი ქაოსი ახსენდება. საცობები, საპარკინგე ადგილების სიმცირე, გადატვირთული ქუჩები, არასაკმარისი და არაკომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტი – ყოველივე ეს დიდი ხნის პრობლემებია. ამას ემატება გამონაბოლქვის ღრუბელი ქალაქის თავზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს და პრობლემას ერთი ორად ამწვავებს. ქალაქელებს საკუთარ კომფორტზე ზრუნვა ჯანმრთელობის ფასად უწევთ, რაც გაუსაძლისს ხდის არსებულ გარემოს.

პრობლემა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო ხედვებშიც აისახა. ამ გამოწვევის საპასუხოდ საზოგადოებას ერთ-ერთი მწყობრ სისტემას სთავაზობს  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

22664444_1692900210741967_942154089_o

კახა კალაძის პროგრამულ ხედვაში საკმაოდ დიდი წილი ეთმობა პრობლემების შესწავლას და გადაწყვეტილებების მტკიცებულებებზე დაფუძნებას, რაც კიდევ უფრო სანდოს ხდის აღნიშნულ ხედვას. სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია და საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია ის დოკუმენტებია, რომლებიც კახა კალაძის თქმით, მომავალში შეიქმნება და მათ ქალაქში სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტის გზები დაეფუძნება.

როგორც კახა კალაძის პროგრამულ ხედვაშია განმარტებული, სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციამ კომპლექსურად უნდა მოიცვას სატრანსპორტო მარშუტები და ინფრასტრუქტურა, ამ საკითხების გათვალისწინებით უნდა გაიცეს მშენებლობების ნებართვებიც და დაიგეგმოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშუტო სქემაც. რაც შეეხება ქუჩების განტვირთვას და საცობების შემცირებას, ამაზე ტრანსპორტის მართვის სისტემა იზრუნებს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დააკვირდება სატრანსპორტო მოძრაობას, დაადგენს მოძრაობის შეფერხების მიზეზებს და განსაზღვრავს მისი თავიდან აცილებს მექანიზმებს. სწორედ ტრანსპორტის მართვის სისტემის მონაცემებზე დაფუძნებით უნდა დაიგეგმოს ქალაქში მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები და სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები.

კახა კალაძის გუნდის წევრი, იურისტი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ დედაქალაქში უკვე შესწავლილია რამდენიმე კრიტიკულად შემჭიდროვებული ადგილი, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია. ამის გათვალისწინებით დაგეგმილია რამდენიმე ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. კერძოდ,  დიდი დიღომი – წერეთლის გამზირი – მარჯანიშვილის მოედნის 14-კილომეტრიანი დერეფანი, დიდი დიღომი – მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ დერეფანი, საბურთალო – ვაკე – გულიას ხიდის დერეფანი და ა.შ.

გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტები: აშენდება მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას; მოეწყობა გელოვანის გამზირისა და მ. მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა; აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადა; ჩატარდება საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე; აშენდება ესტაკადები უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე; აშენდება ნაფეტვრები – ახალდაბის გზა; ჩატარდება მეტეხის გვირაბის რეაბილიტაცია; ჩატარდება სარაჯიშვილის გამზირზე გლდანულას ხიდების რეაბილიტაცია და ა.შ.

ხმალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით, 300 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდება.

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას არ მალავს, რომ ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, თბილისშიც შეუძლებელი იქნება საგზაო მოძრაობის სრულად განტვირთვა, თუმცა კომპლექსური ღონისძიებები არსებითად მოაწესრიგებს და გაამარტივებს მას.

ცხადია, ქალაქში ქაოსური მოძრაობის მიზეზი მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა არაა. ამას ემატება ავტომანქანების რიცხვის არსებითი ზრდა, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც მუნიციპალური ტრანსპორტის არაკომფორტულობაა. რა სჭირდება მოქალაქეს იმისთვის, რომ ისარგებლოს მუნიციპალური ტრანსპორტით და უარი თქვას პირად ავტომანქანაზე? – კომფორტული ტრანსპორტი, რომელშიც ზამთარში თბილა, ხოლო ზაფხულში გრილა; ოპერატიულობა, როცა გაჩერებაზე ლოდინი 5-10 წუთზე მეტი ხნით არ გიწევს; სასურველი მარშუტების სიმრავლე – როცა საკუთარი უბნიდან მარტივად მიაღწევ ნებისმიერ სასურველ ადგილმდებარეობამდე. ამ სამი პირობის შესრულება დიდი ალბათობით, შეამცირებდა ქალაქში ავტომანქანების რაოდენობას და მოქალაქეებსაც თანხას დააზოგინებდა.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდას, მისი უსაფრთხო ტრანსპორტით ჩანაცვლებას და სამარშუტო ხაზების გამრავალფეროვნებას გეგმავს.

კახა კალაძის თქმით, ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა, რაშიც 260 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

„დედაქალაქში არსებობს რაიონები, კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, მოქალაქეებს საათზე მეტი ხნით ლოდინი უწევთ, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენ, ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებითა და ავტობუსების შემოყვანით, მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემას მოვუხსნით. გარდა ამისა, მოხდება ავტობუსის გაჩერებების სრული განახლება და დამონტაჟდება ახალი გაჩერებები“, – აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი.

იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ცვეთა მუდმივად საჭიროს ხდის ახალი ავტობუსების შეძენას, თბილისის მერობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მალე სწორედ საქართველოში აიწყოს აღნიშნული ავტობუსები და არამარტო ადგილობრივი ბაზარი, არამედ აზებაიჯანისა და სომხეთის მოთხოვნაც დააკმაყოფილოს.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურ რეჟიმში, დედაქალაქში მიკროატობუსებით 603 000 ადამიანი გადაადგილდება, ავტობუსებით – 330 000, ხოლო მეტროს – 288 000 მგზავრი გადაჰყავს.

კახა კალაძის თქმით, განხორციელდება მეტროს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი, დაიწყება მეტროს ახალი ხაზების პროექტირება და უზრუნველყოფილი იქნება მეტროს ინტეგრირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან. ასევე, რეაბილიტირდება ოცდასამივე მეტროსადგური და განახლდება ვაგონები.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, თბილისის მერობის კანდიდატის ვარაუდით, მეტროთი გადაადგილების მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.

საგზაო მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პარალელურად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის ხედვაში, გათვალისწინებულია როგორც რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის მშენებლობა, ისე, ახალი საბაგირო ხაზების დაპროექტება და გამართვა.

კახა კალაძის თქმით, ორ საბაგიროს ყოველდღიურად 4000-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავს, შესაბამისად ამ ტრანსპორტის განვითარებაც მნიშვნელოვანია.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ შემოთავაზებული  სატრანსპორტო პოლიტიკა, ასევე, ითვალისწინებს პარკირების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნას.

კახა კალაძემ  საარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე განაცხადა, რომ სითი პარკთან ხელშეკრულება გადაიხედებოდა და სამომავლოდ თბილისის მერია პარკირების მუნიციპალურ მართვაზე გადავიდოდა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატი ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს.

როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიწისქვეშა პარკირების ადგილები მოეწყობა ცენტრალური რკინიგზის სადგურზე, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“, პუშკინის მოედანზე, თბილისის საკონცერტო დარბაზთან, მეტროსადგურ „ისანთან“, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონთან, თბილისის მერიასთან, გულიას მოედანთან, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ და გეგეშიძის ბაღთან.

კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკაში თავისი ადგილი უჭირავს ქვეითებისა და ველოტრანსპორტით მოსარგებლეთა ინტერესებს.

„ამის გათვალისწინებით, ტროტუარები მაქსიმალურად გათავისუფლდება ავტომანქანებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან, გაუმჯობესდება მათი გეომეტრია, შეიქმნება ახალი ველობილიკები და ველოსადგურები. გარდა ამისა, ტროტუარებიც, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა შშმპ ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად“ – აცხადებთ თბილისის მერობის კანდიდატი.

22656667_1692900257408629_1417204988_n

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის სატრანსპორტო პოლიტიკის კიდევ ერთი ნაწილია საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც  შეიქმნება ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ მონაცემთა შეგროვების სისტემა, რათა ამ გზით გამოვლინდეს ე.წ. შავი ლაქები და მომავალში მოხდეს მათი განეიტრალება.

როგორც ვხედავთ, აღნიშნული პოლიტიკა რთული და კომპლექსურია, შესაბამისად მისი განხორციელება საკმაოდ დიდი ფინანსური უზრუნველყოფის  გარეშე გამორიცხული იქნება. ამას არც თბილისის მერობის კანდიდატი უარყოფს და აღნიშნავს, რომ ქალაქის არსებული ბიუჯეტით თბილისის განვითარება შეუძლებელი იქნება, სწორედ ამიტომ, კახა კალაძე ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას და ტურისტული მიმართულების განვითარებით თბილისის შემოსავლების ზრდას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი