ახალი ამბები

“ყველას წინააღმდეგ” – ქსენია სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

19 ოქტომბერი, 2017 • 3061
“ყველას წინააღმდეგ” – ქსენია სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

რუსი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

BBC-ის ცნობით, გავრცელებულ ვიდეოში ტელეწამყვანი ამბობს, რომ 36 წლის ასაკში გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ცვლილებების დროა.  ტელეწამყვანმა  ინტერნეტში  საკუთარი გვერდიც შექმნა სახელწოდებით: “სობჩაკი ყველას წინააღმდეგ”.

“როდესაც 18 წლის ვიყავი, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა. იმ წელს დაბადებული ბავშვები წელს მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და შესაძლოა, როდესაც ჩემი შვილი არჩევნებზე წავა, მასაც ზუგანოვს, ჟირინოვსკისა და პუტინს შორის მოუწიოს არჩევანის გაკეთება. მე ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვარ,”-ამბობს ვიდეომიმართვაში ქსენია სობჩაკი.

ქსენია ქობჩაკი 11.05.2012 Credit: EPA/MAXIM SHIPENKOV

ჟურნალისტის პრესსპიკერმა ქსენია ჩუდინოვამ BBC-ის რუსულ ბიუროს უთხრა, რომ სობჩაკი 300 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს.

კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის თქმით, სობჩაკი სრულად აკმაყოფილებს რუსული კანონმდებლობით განსაზღვრულ საპრეზიდენტო კრიტერიუმებს.

ქსენია სობჩაკი პეტერბურგის ყოფილი მერის, ანატოლი სობჩაკის შვილია. ანატოლი სობჩაკი პეტერბურგს 1991-1996 წლებში მართავდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ კარიერაში. რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტი სობჩაკის მერობის პერიოდში მის მოადგილედ მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი