ახალი ამბები

TI: თბილისის მერიის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებები კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს

18 ოქტომბერი, 2017 • 1446
TI: თბილისის მერიის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებები კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს

“საერთაშორისო გამწვირვალეობა -საქართველოს” კვლევის თანახმად, თბილისის მერიასთან არსებული ზონალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა შეუთავსელობისა და კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს. მათ შორის საბჭოს გადაწყვეტილებებში ფიგურირებენ ყოფილი დეპუტატები, ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები და “ქართული ოცნების” შემომწირველები.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია:

[checklist]

  • ზონალურ საბჭოში ეფექტურად არ არის უზრუნველყოფილი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ზონალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა შეუთავსელობისა და კორუფციის მაღალ რისკს შეიცავდა.
  • არქიტექტურის სამსახურის მაღალჩინოსნები პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან სამშენებლო ბიზნესკომპანიებთან, რომლებიც ასევე გვევლინებიან განმცხადებლებად არქიტექტურის სამსახურში/ზონალურ საბჭოში. ასევე, პარალელურად, სამშენებლო ბიზნესში (არქიტექტურის კუთხით) აქტიურად ეწევიან საქმიანობას; მაგალითად, არქიტექტურის სამსახურის ყოფილმა უფროსებმა, ნინო ღოღობერიძემ, დიმიტრი მოსულიშვილმა და ლევან ძაგნიძემ, 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში, ზონალური სტატუსის ცვლილებაზე 11 თანხმობა მიიღეს;
  • საკვლევ პერიოდში ზონალური საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის გვხდებიან ისეთი პირებიც, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ, ან წარსულში იყვნენ დაკავშირებული მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან. აღნიშნული პირები ასევე არიან მმართველი პოლიტიკური გუნდის შემომწირველები. განსაკუთრებით საინტერესოა უმრავლესობის მოქმედ და ყოფილ დეპუტატებთან – ივლიანე წულაიას, გრიგოლ ლილუაშვილს, გოჩა ენუქიძესა და ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული შემთხვევები. საერთო ჯამში, ზონალურმა საბჭომ 10-მდე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც თბილისის მასშტაბით არსებულ ტერიტორიებს შეეცვალათ ზონალური სტატუსი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აშენება გახდა შესაძლებელი.
  • ზონალური საბჭოში მოწვეული წევრების კუთხით, ვხვდებით არაერთ შემთხვევას, როცა მოწვეული ექსპერტები თავად გვევლინებოდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებად (ზონალურ საბჭოში განმცხადებლებად, კონკრეტული პროექტების ავტორებად და არქიტექტორებად), რაც ინტერესთა კონფლიქტის მაღალ რისკებს წარმოშობს; მაგალითად –  გიორგი სულაბერიძე, რომელიც არქტიტექტორულ სფეროში აქტიურ საქმიანობას ეწევა, საბჭოში ყოფნის პარალელურად, თავად გვევლინება, როგორც პროექტის არქიტექტორი, რამდენიმე შემთხვევაში კი პროექტის განმცხადებელი მისი ბიზნესპარტნიორია. გიორგი სულაბერიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საერთო ჯამში, 25 თანხმობა მიიღეს
  • ასევე საბჭოში საქმიანობის პარალელურად, ირაკლი მურღულია, განმცხადებლადაც გვევლინება. ირაკლი მურღულიამ 2015 წლის 16 ივლისს ერთი განცხადება შეიტანა ზონალურ საბჭოში და საბურთალოს რაიონში, ზურგოვანას ქუჩაზე მდებარე ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილება მოითხოვა, რაც დაუკმაყოფილეს.

[/checklist]

infographic-city-hall-architecture-2 infographic-city-hall-architecture-1

მასალების გადაბეჭდვის წესი