ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება სამეგრელოში, “ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს შორის

17 ოქტომბერი, 2017 • 2732
ფიზიკური დაპირისპირება სამეგრელოში, “ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს შორის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეებს ინცინდენტის სხვადასხვა ვერსიები აქვთ. მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს.

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ლელა ქებურიას თქმით, პარტიის მხარდამჭერებს ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე წასვლა სურდათ, თუმცა აღნიშნულში ხელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უშლიდნენ და მათ დაშინებას ცდილობდნენ. მისი თქმით, შეიტყო თუ არა მომხდარის შესახებ, მალევე ჩავიდა სოფელში, სადაც რამდენიმე წუთში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ქებურიას მტკიცებით, მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტებმა მისი მეუღლე გიორგი ჯიქია და პარტიის წარმომადგენელი ალექსანდრე ღვინჯილია სასტიკად სცემეს, შემდეგ კი „ოცნების“ შტაბისკენ გაემართნენ.

„ვემზადებოდით აქციისთვის, როცა დამირეკა ერგეტის მაჟორიტარმა და დამალაპარაკა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელმაც მითხრა, რომ ეშინია ხალხის გამოყვანის, რადგან მანქანას ახტებიან წიხლებითო. 30-კაციანი ჯგუფი იდგა ცენტრში, რომლებიც აშინებდნენ ხალხს, რომ ვერ გამოსულიყვნენ აქციაზე. ჩავჯექი მანქანაში და წავედი. ამის შემდეგ გადავჯექი სამარშრუტო ტაქსში, რათა მივსულიყავი ხალხთან. მანქანაში დავტოვე ჩემი მეუღლე და პარტიული სიის მეხუთე ნომერი ალიკა ღვინჯილია. როგორც კი გავიარეთ ხუთი წუთის გზა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე და ალიკა ღვინჯილია იყვნენ ნაცემები“, – განუცხადა ქებურიამ „ნეტგაზეთს“.

“ევროპული საქართველოს” ფეისბუქ გვერდზე დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.

მისივე თქმით, ვითარების გასარკვევად „ქართული ოცნების“ ჯერ თავად, შემდეგ კი მისი მეუღლე და ალექსანდრე ღვინჯილიაც მივიდნენ, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში მომხდარის განსხვავებული ვერსია აქვთ. ერგეტის მაჟორიტარობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან, ზვიად ყორშია, ამბობს, რომ  პარტიის აქტივისტების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები თავად ცდილობდნენ ოპონენტების პროვოცირებას „ოცნების“ შტაბში.

„აგრესია ჩვენთვის არის უცხო. პატივს ვცემთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამაზე საუბარი არის წმინდა წყლის პროვოკაცია. მომხდარის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მათ ვერ შეძლეს სოფელში ხალხის მობილიზება. სწორედ ეს იყო მიზეზი მათი მხრიდან ჩვენს შტაბში შემოვარდნის“.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა პარტიის აქტივისტები სოფლის ცენტრში „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერების შეკრების პარალელურად, ყორშიამ განაცხადა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი