თბილისიმარათონი 2017 აღარ გაიმართება

22 ოქტომბერს დაგეგმილი თბილისიმარათონი-2017 აღარ გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას მარათონის ფეისბუკ-გვერდი ავრცელებს. თბილისიმარათონის ორგანიზატორების განცხადებით, სპორტული საქველმოქმედო ღონისძიების გადადების მიზეზი თბილისის მერიის მიერ დაკავებული პოზიციაა.

“თბილისის მერიის მხრიდან შემოთავაზება იყო, გარბენი დაწყებულიყო დილით, 07:00-ზე ან მომხდარიყო ღონისძიების ლოკაციის შეცვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაიდელბერგცემენტის მიერ თბილისიმარათონი-2017-ის თარიღის (2017 წლის 22 ოქტომბრის) და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიას პირველად ეცნობა 2016 წლის ნოემბრის თვეში (ხოლო შემდგომში- 2017 წლის თებერვალში, აპრილში, სექტემბერში).  მერიის მიერ შემოთავაზებული გეგმით თბილისიმარათონი 2017-ის ჩატარება შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

  • ღონისძიების დილის 7 საათზე დაწყება – მორბენლები მარათონის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე მოდიან ღონისძიებაზე რეგისტრაციის გავლის, სანომრე ნიშნების მიღების და ხელბარგის დასაწყობების მიზნით, დილის 5 საათზე ღონისძიების დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს.
  • ღონისძიების ლოკაციის შეცვლა – თბილისიმარათონი 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია და შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika Timing-ის „Official Timekeeping and Data Processing”-ის ავტომატური სისტემით ხორციელდება. სარბენი მარშრუტი 2016 წელს აიზომა AIMS-ის მიერ. იმის გამო, რომ ღონისძიებამდე სულ რამოდენიმე დღე რჩება, შეუძლებელია ლოკალიის შეცვლა, სარბენი ტრასის გაზომვა და ტექნიკის გადაწყობა საჭიროებს სულ მცირე 2-თვიან წინასწარ პროცედურას.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების გაუქმება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ჰაიდელბერგცემენტი და თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი ბოდიშს უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორს, მხარდამჭერს და ბენეფიციარს”, – ნათქვამია მარათონის ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ადასტურებს, რომ დროსთან და ადგილთან დაკავშირებით მერიას მართლაც ჰქონდა თავისი პირობები.

“ჩვენ კონსულტაციების გაგრძელებას მარათონის ორგანიზატორებთან ერთად ვაპირებთ და ამ ორი პირობის მიხედვით მხარდაჭერას ვუცხადებთ“, – განმარტა ლექვინაძემ, კომერსანტის ცნობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com