ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში ანტიაზერბაიჯანულ ქსელზე haqqin.az-ის სტატია პროპაგანდისტულად მიიჩნიეს

16 ოქტომბერი, 2017 • 3598
საქართველოში ანტიაზერბაიჯანულ ქსელზე haqqin.az-ის სტატია პროპაგანდისტულად მიიჩნიეს

მედიის თვითრეგულირების ორგანიზაციების ქსელის საკონსულტაციო კომისიამ პროპაგანდის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ მასალად მიიჩნია აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის სტატია, რომელიც საქართველოში ანტიაზერბაიჯანული იატაქქვეშა ქსელის არსებობას აღწერდა და რომლის გამოქვეყნების შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა თბილისის ცენტრიდან საქართველოში მცხოვრები ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი.

საკონსულტაციო საბჭო აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) და რუსეთის მედიის თვითრეგულირების ორგანოებიდან თითო-თითო წარმომადგენელს და გადაწყვეტილებას იღებს საქმის განხილვის შედეგად კონსენსუსის საფუძველზე.

Haqqin.az-ის სტატია – „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში: გამოვლინებები, ფული, ინსტრუქციები“ 2017 წლის 4 მაისის გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია აზერბაიჯანული ხელისუფლების მიერ დევნილ პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.

Screen Shot 2017-10-16 at 3.45.56 PM

აღნიშნულ სტატიაში, თბილისში მცხოვრებ სხვა პირებთან ერთად, საუბარი იყო აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე, რომელიც სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ თბილისიდან ბაქოში გაურკვეველ ვითარებაში გაიტაცეს.

აზერბაიჯანული გამოცემის წინააღმდეგ საკონსულტაციო კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მიიჩნევდა, რომ მასალა მიზნად ისახავს ორ სახელმწიფოს და, შესაბამისად, ერებს შორის ურთიერთობების გამწვავებას, საქართველოს წარმოჩენას, როგორც აზერბაიჯანის მიმართ არამეგობრულად განწყობილ ქვეყანას, სადაც აზერბაიჯანის საწინააღმდეგო ქმედებები, ძმათამკვლელი ომები იგეგმება. ქარტიის შეფასებით, მასალა გაჯერებული იყო სტერეოტიპული და პროპაგანდისტული ნარატივით, ვინაიდან მასალაში “ქვეყნის მტრებად” არიან მოხსენიებულნი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები, ხოლო მათ მფარველებად – “ლიბერალები”, რაც გამოიყენება სალანძღავ მსაზღვრელად და ა.შ. მასალაში ხდება სხვადასხვა ფაქტის დამახინჯება და მიკერზოებულად გადმოცემა.

კომისიამ გაიზიარა ქარტიის შეფასებები და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მოსაზრება გამოაქვეყნა, რაც გაეგზავნა როგორც მომჩივან, ისე მოპასუხე მხარეებს.

მედიის თვითრეგულირების ორგანიზაციების ქსელის საკონსულტაციო კომისია პროპაგანდის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს დახმარებით შეიქმნა. საერთაშორისო კომისია საშუალებას აძლევს წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მიმართონ იმ მედიასაშაულებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქციის გამო, რომლებიც, მათი აზრით, პროპაგანდის ნიშნებს შეიცავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი