ახალი ამბები

არჩევნები ავსტრიაში: კონსერვატორები ულტრამემარჯვენეებთან გაერთიანების პერსპექტივით

16 ოქტომბერი, 2017 • 1929
არჩევნები ავსტრიაში: კონსერვატორები ულტრამემარჯვენეებთან გაერთიანების პერსპექტივით

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ქვეყნის საარჩევნო კომისია ამ დრომდე ითვლის. ეგზიტპოლის შედეგები კი გუშინდელი დღის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა – წინასწარი მონაცემებით, 31.6%-ით კონსერვატორი სებასტიან კურცის “სახალხო პარტია” ლიდერობს. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყნის პარლამენტის 183 ადგილიდან 62-ს სწორედ კურცის პარტია დაიკავებს.  მეორე ადგილისთვის იბრძვიან ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტია”(26%) და “სოციალ-დემოკრატიული პარტია”(26.9%).

იმ შემთხვევაში, თუ ეგზიტპოლის შედეგები გამართლდება, სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი და ევროკავშირის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდება. თუმცა მთავრობის მომავალი მეთაურის ასაკზე მეტ მნიშვნელობას პოლიტიკოსები და ექსპერტები მომავალი მმართველი კოალიციის შემადგენლობას ანიჭებენ. როგორც კურცმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელ “ORF”-ს განუცხადა, გადაწყვეტილების მიღებამდე საბოლოო შედეგებს ელოდება. თუმცა, დიდი ალბათობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ლიდერი პარტია კავშირს ულტრამემარჯვენე “თავისუფლებასთან” შეკრავს, რაც ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო ორიენტაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ნაკლებად განიხილება “სახალხო პარტიის” კოალიცია “სოციალ-დემოკრატიულ” პარტიასთან, რომელშიც ისინი ამ დრომდე იმყოფებოდნენ.

ავსტრიის წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ცენტრალური თემა, რომელზეც კანდიდატები თავიანთ კამპანიას აგებდნენ, იმიგრაცია იყო. სწორედ აღნიშნულ საკითხში იკვეთება მემარცხენე-ცენტრისტული “სახალხო პარტიისა” და ევროსკეპტიკოსი “თავისუფლების პარტიის” ინტერესები – ორივე სუბიექტი ქვეყანაში მიგრანტთა ტალღის შემოდინებას ცალსახად ეწინააღმდეგება, გამოდიან მათთვის დაწესებული სოციალური შეღავათების შემცირებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, მოხსნის ინიციატივით.

“სახალხო პარტიას” სებასტიან კურცი სათავეში 2017 წლის მაისში ჩაუდგა, პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეობის შემდეგ. მანამდე, 2013 წელს, 27 წლის ასაკში კურცმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, რა დროსაც ავტომატურად გამოცხადდა  საგარეო საქმეთა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად ევროპაში.  შედეგების გამოცხადების შემდეგ, 31 წლის კურცმა აღნიშნა, რომ “სათავე უნდა დაედოს ახალ პოლიტიკურ სტილს ქვეყანაში”.

ავსტრიის პარლამენტის უმრავლესობას ამ დრომდე სოციალ-დემოკრატებისა და “სახალხო პარტიის” კოალიცია წარმოადგენდა, 51-51 მანდატით, კანცლერის პოსტს კი სოციალ-დემოკრატი ქრისთიან კერნი იკავებდა. ულტრამემარჯვენე “თავისუფლება” 38 ადგილით იყო წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში,  მათ მოსდევდა “მწვანეები” 21 ადგილით. პარლამენტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ავსტრია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელის, რომელიც, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოცხადდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი