ახალი ამბები

მოსამართლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეთა კონფერენციას არ უნდა გაუძღვეს

9 ივნისი, 2013 • • 1076
მოსამართლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეთა კონფერენციას არ უნდა გაუძღვეს

 მათი ინიციატივა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნათია წკეპლაზემ გაახმოვანა, თუმცა მხოლოდ 61 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო.  150-მა კი მათ წინააღმდეგ მისცა ხმა.  ნათია წკეპლაძემ და სხვა მოსამართლეებმა მოითხოვეს, ადმინისტრაციული კომიტეტის არჩევნები, რომელიც დღის წესრიგის მიხედვით ღამის 10 საათზე უნდა გაიმართოს, გამართულიყო დღის დასაწყისში, რადგან მოსამართლეთა კონფერენციას უნდა გაუძღვეს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ამჟამად  კონსტანტინე კუბლაშვილია. 

 

მოსამართლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ  კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეთა კონფერენციას არ უნდა გაუძღვეს.  ნათია წკეპლაძემ კონსტანტინე კუბლაშვილს მიმართა თხოვნით, რომ გამოყენებინა თვითაცილება და  არ წაეყვანა  მოსამართლეთა კონფერენცია.  მისი თქმით, დღევანდელი სხდომა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დამტკიცებული დღის წესრიგით ტარდება.  ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კუბლაშვილის მიუკერძოებლობას. 

 

“მიუკერძოებლობის პრინციპს ლახავს თქვენ მიერ კონფერენციისთვის გაძღოლა. გამოიჩინეთ მაღალი სამოსამართლო კულტურა,  გააკეთეთ თვითაცილება და კონფერენციის უხუცესი მოსამართლე გაუძღვება”– მიმართა კუბლაშვილს ნათია წკეპლაძემ, რაზეც კონსტანტინე კუბლაშვილმა უარით უპასუხა. 

 

მოსამართლეა კონფერენციაზე უკვე აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისია და მისის წევრები არიან  გიორგი მიქაუტაძე, ლაშა ჩხიკვაძე და შორენა ყაველაშვილი.  კონფერენცია სიტყვით გახსნა კონსტანტინე კუბლაშვილმა და მოუწოდა მოსამართლეებს, რომ ერთგული დარჩნენ საერთო პრინციპებისა და საერთო ღირებულებების. მისივ თქმით, მოსამართლეებმა მკაცრად უნდა დაიცვან  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი, რომელიც 2013 წლის საპრზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიაა.  მისი თქმით, დღეს მოსამართლეთა პრინციპულობამ ყველას უნდა დაანახოს, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება  ვერ შეძლებს სასამართლოში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოსამართლეთა გახლეჩას გამოიწვევს და მის დამოუკიდებლობას შეარყევს. 

 

კონფერენციაზე ამ წუთებში რეგლამენტის განხილვა  მიმდინრეობს. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ივნისს, სასტუმრო “რადისონში” საქართველოს მოსამართლეთა მეათე კონფერენცია ტარდება. დღის წესრიგის თანახმად მოსამართლებმა დღეს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრი უნდა აირჩიონ. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება.  ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, რადგან აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ღია კენჭისყრით ირჩევდნენ. იუსტიციის 7 წევრი უნდა აირჩოს 240-მა მოქმედმა მოსამართლემ. პირველ ტურში გამარჯვებულთა გამოსავლენად ერთმა კანდიდატმა  ხმების მინიმუმ 2/3 უნდა დააგროვოს. საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი