ახალი ამბებიეკონომიკა

“ევროპული საქართველო” მთავრობას 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნებს გაუგზავნის

12 ოქტომბერი, 2017 • 2480
“ევროპული საქართველო” მთავრობას 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნებს გაუგზავნის

უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს “ევროპული საქართველო” 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.   პარტია მთავრობას გაუგზავნის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნებს და ეს საკითხიც მაშინ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ 11 ოქტომბერს  დეპუტატმა გიგი წერეთელმა  ფრაქცია “ევროპული საქართველოს” სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ფრაქციის სხდომაზე  დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პასუხობდა.

მინისტრის მოადგილეს პარლამენტის  წევრმა ირმა ინაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ წლიურ შემოსავალზე განმარტება მოსთხოვა.

„წინა შეხვედრაზე გიგა ბოკერიას [დეპუტატი “ევროპული საქართველოდან”]  კითხვაზე, რამდენია თქვენი შემოსავალი, თქვენ უპასუხეთ, რომ თქვენი წლიური შემოსავალი 40 000 ფარგლებშია. მე ჩავხედე თქვენს დეკლარაციას და თქვენი შემოსავალი 82 ათასი იყო. მე მაინტერესებს, თქვენ მოგვატყუეთ, გამოგრჩათ ის 40 ათასი, თუ დეკლარაციების ბიურო მოატყუეთ,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია სწორია.

გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციის წევრს უპასუხა, რომ მისი ხელფასი თვეში 2720 ლარია , დეკლარაციაში მითითებული შემოსავალში ხელფასი და დანამატი იგულისხმებოდა.

ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა იკითხა, იგეგმება თუ არა მასწავლებლების ხელფასის ზრდა 2018 წლის ბიუჯეტში, რაზედაც კაკაურიძემ განაცხადა, რომ მომავალ წელს პედაგოგების ხელფასის არ გაიზრდება.

2018 წლის ბიუჯეტში 5 მილიონია გამოყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი შენობიისთვის, რაც  ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა კანონში არსებული ჩანაწერით ახსნა.

„ახალმა კანონმა გააჩინა ვალდებულება, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ცალკე შენობაში იყოს,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამაზე დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა უპასუხა, რომ  კანონში ცალკე შენობა არ წერია და იქ საუბარია დამოუკიდებელ შენობაზე. გოგორიშვილის განცხადებით, ე.წ. მოდულს [სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის შენობა]  რამდენიმე შესასვლელი აქვს , უსაფრთხოების სამსახურს შეეძლო გადაეტიხრა ერთი შესასვლელი და ხუთი მილიონი დაეზოგა.

შეხვედრაზე გიორგი კაკაურიძეს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა სახელმწიფო აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, რაზედაც  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა,  რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაცია არ იგეგმება.

დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამაც განიხილა. ენმ არ აპირებს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს ბიუჯეტის პროექტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი