კვლევის ავტორებმა გამოკითხვის ფოკუსი შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ამსხველი კანონპროექტის იმ ვერსიაზე გააკეთეს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესმენებმა, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს ზემოხსენებულ კანონპროექტში მოცემულ დებულებებთან დაკავშირებით.
კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მასშტაბით გამოკითხულ ბიზნესმენთა 87 პროცენტი ეთანხმება შრომის ახალი კოდექსის ავტორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საწარმომ თანამშრომელთან ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით ფორმით უნდა დადოს, თუ შრომითი ურთიერთობა სამ თვეზე მეტხანს გრძელდება.
გამოკითხულთა 79 პროცენტი ეთანხმება კანონპროექტში ჩადებულ მუხლს, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს გამოსაცდელი ვადით მუშაობა; 75 პროცენტი ეთანხმება კანონპროექტში მოცემულ დებულებას, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულთან გააფორმოს ვადიანი ხელშეკრულება, თუმცა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში: კერძოდ, მაშინ, როდესაც სამუშაოს შესრულება დაკავშირებულია კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულებასთან, ან სეზონურ სამუშაოსთან და სხვა. ამასთან, გამოკითხულთა 57 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება მის კომპანიაზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს.
გამოკითხულთა 76 პროცენტი ეთანხმება შრომის ახალ კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დასაქმებული კვირაში 40 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს და 40 საათზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაო ზეგანაკვეთურად ითვლება. 83 პროცენტი იზიარებს კანონპროექტის დებულებას, რომლის თანახმადაც დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზეგანაკვეთური სამუშაო, ან ანაზღაურების სანაცვლოდ მისცეს დასაქმებულს დამატებითი დასვენების დრო. გამოკითხულ ბიზნესმენთა 84 პროცენტი ეთანხმება კანონპროექტის ავტორების მიერ შრომის კოდექსში ჩადებულ დებულებას, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს მხოლოდ უხეში დარღვევის შემთხვევაში შეუძლია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან – დამსაქმებელი ვერ გაათავისუფლებს თანამშრომელს რიგითი დარღვევისთვის, თუ მისთვის მანამდე ერთხელ მაინც არ აქვს გაფრთხილება მიცემული.
გამოკითხული ბიზნესმენების 76 პროცენტი ეთანახმება შრომის კოდექსის ახალი კანონპროექტის დებულებას, რომლის მიხედვითაც დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისი დათხოვნის წერილობითი დასაბუთება; გამოკითხული ბიზნესმენების აზრი ორად გაიყო შრომის კოდექსში მოცემული მასობრივი დათხოვნის მუხლის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, თუ დამსაქმებელს სურს, რომ 15 კალენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 50 დასაქმებული გაათავისუფლოს თანადმებობიდან, იგი ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ჯანდაცვის სამინისტროს. გამოკითხულთა 49 პროცენტი ამ მუხლს ეთანხმება, ხოლო 49 პროცენტი – არა. გამოკითხულთა 44 პროცენტი ამბობს, რომ ეს ცვლილება მის კომპანიაზე ნეგატიურად აისახებოდა. მსგავს ურთიერთობებში სახელმწიფო როლის გაზრდას მხარს ბიზნესმენთა 33 პროცენტი უჭერს, 37 პროცენტი არ უჭერს, 22 პროცენტი ამ საკითხზე ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 6,6 პროცენტს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.
ბიზნესმენთა 66 პროცენტი იზიარებს დებულებას, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დასაქმებულს კანონით არ ეკრძალება კომპანიაში მიღებული ცოდნის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ გამოყენება; გამოკითხულ ბიზნესმენთა 52 პროცენტი არ ეთანხმება კოლექტიური დავის შესახებ კანონპროექტში ჩადებულ დებულებას: კოლექტიური დავის შემთხვევაში ერთ–ერთ მხარეს უფლება აქვს წერილობით მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს, რათა ის ჩაერთოს პროცესში, როგორც შუამავალი; 72 პროცენტი არ ეთანხმება მუხლს, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლება აქვს კოლექტიურ დავაში ჩართული მხარეების წერილობითი თხოვნის გარეშე ჩაერიოს შუამავალის ფუნქციით.
კვლევის ავტორები, პი ემ სი ჯგუფის წარმომადგნლების განცხადებით, კვლევის ცალკეული დებულებების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ბიზნესმენები მკვეთრად ნეგატიურად აფასებენ კოლექტიური ხელშეკრულებების მარეგულირებელ წესებს, პროფესიული კავშირის როლის გაზრდასა და სახელმწიფოს უფლებამოსილებას საკუთარი ინიციატივით ჩაერთოს შუამავლად კოლექტიურ დავებში.
“ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ბიზნესმენთა შესაძლო ქმედებათა არეალი მოიცავს: ახალი კადრების აყვანისაგან თავის შეკავებას, ხელფასების შემცირებას, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას, მარკეტინგული და სხვა ტიპის ხარჯების შემცირებას”, – ნათქვამია კვლევაში. ამასთან, კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხულ ბიზნესმენთა 46 პროცენტი ფიქრობს, რომ შრომის კოდექსში წარდგენილი ცვლილებებს პოზიტიური ეფექტი არ ექნება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო 51 პროცენტს მიაჩნია, რომ ცვლილებები პოზიტიურად არც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე იმოქმედებს.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2013 წლის აპრილში, რაოდენობრივი კვლევის მეთოდით, პირისპირ ინტერვიუს ტექნიკის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 251 ბიზნესორგანიზაციის (მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების) ხელმძღვანელი თბილისში.
კვლევა მეორე ნაწილსაც მოიცავს, რომელიც, მისი ავტორების მტკიცებით, საერთაშორისო ემპირიული კვლევების და სხვა ქვეყნების გამოცდილებებისა და არსებული ცვლილებებისადმი ბიზნესხელმძღვანელების დამოკიდებულებების შედეგების ანალიზს წარმოადგენს. პი ემ სი კვლევითი ცენტრის მომხსენებლის, ლაშა ჭოჭუას განცხადებით, მათ ანალიზისას მსოფლიოს ქვეყნებში სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგები გამოიყენეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ დასაქმებულის დამცავ კანონმდებლობას, საბოლოო ჯამში, არ აქვს ეფექტი, ან აქვს მცირე უარყოფითი ეფექტი დასაქმების აგრერიებულ მაჩვენებლებზე, ასევე ასეთ კანონმდებლობას აქვს მკვეთრად უარყოფითი ეფექტი ახალგაზრდების, ქალების და დაბალი განათლების მქონე ადამიანების დასაქმებაზე.
“გარდა ამისა, ზრდის ადამიანების უმუშევრობისა და სამუშაო ძალის მიღმა ყოფნის ხანგრძლივობას, ხოლო ეკონომიკური კრიზისების დროს ართულებს ცვლილებებისადმი ადაპტირების პროცესს”, – ნათქვამია პი ემ სის კვლევაში და აღნიშნულია, რომ თუ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები იმ ფორმით განხორციელდება, რითაც ეს დოკუმენტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის რეგულირების გამკაცრება ცალსახად გაზრდის ბიზნესმენის დასაქმებულთან დაკავშირებულ ხარჯებს. თავის მხრივ, ხარჯების გაზრდა მეწარმეების მხრიდან შეამცირებს მოთხოვნას შრომის ძალაზე:
“შრომის ძალაზე მოთხოვნის შემცირება ნეგატიურად აისახება დასაქმების მაჩვენებლზე”.
სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ სანიკიძე, რომელმაც “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ბიზნესმენების გამოკითხვის შედეგებმა დაადასტურა, რომ სამინისტროს მიზანი, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესთა დაბალანსება და რეგულირების სამართლიანი კრიტერიუმების შემოღება, მიღწეულია. სანიკიძის თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბიზნესის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიტიურია, თუმცა “თავად კვლევის ავტორები ამ შედეგების ინტერპრეტაციას არასწორი კუთხით ახდენენ”. მისივე თქმით, კვლევა არ ასახავს შრომის კოდექსის იმ ბოლო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენის შედეგად მიიღეს და რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესების დაბალანსებას.