ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან 25, მათ შორის მამია ალასანიას და გურამ გაბისკირიას ნეშტები გადმოასვენეს

11 ოქტომბერი, 2017 • 7078
აფხაზეთიდან 25, მათ შორის მამია ალასანიას და გურამ გაბისკირიას ნეშტები გადმოასვენეს

საქართველოს დევნილთა და განსახლების  მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთიდან 25 ნეშტია იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული.

“ამ 25- დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახელები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იცავდნენ უმაღლესი საბჭოს შენობას სოხუმში და რომლებიც იყვნენ ჟიული შარტავასთან ერთად. მათ შორისაა ბატონი მამია ალასანია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბისკირია, ასევე ვახტანგ გეგელაშვილი და შენგელია. მათ შორის არიან მებრძოლები და ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წუთამდე იცავდნენ საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას” .

მინისტრის თქმით, უგზოუკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესი დინამიკურია.

“მთლიანდ წინა წლების განმავლობაში 101 პირის გადმოსვენება და იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი. მათი ნეშტები გადაეცა ოჯახებს.  მხოლოდ წელს 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია” – ამბობს სუბარი.

მინისტრმა დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და აფხაზურ მხარეს:

“განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საერთაშორისო წითელო ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე, განსაკუთრებული მადლობა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი წავიდეს ძალიან დინამიკურად და პოზიტიურად”, – ამბობს მინისტრი.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია. დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად სამარხების გახსნა, ცხედრების ექსჰუმაცია და მათი გადმოსვენება პერიოდულად მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი მოიძიეს, რომელთაგან 126 (მათ შორის ეს 25 ნეშტი) ამოცნობილია.

“წითელი ჯვრის” ცნობითვე, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

“ჩვენი მუშაობის ეს კონკრეტული შედეგები გაურკვევლობის ათწლეულების დასრულებას ნიშნავს ასობით ოჯახისთვის საქართველოში, რადგან ისინი საბოლოოდ პასუხს იღებენ საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ,“ – განაცხადა ბილიანა მილოშევიჩმა, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

12967463_792043404229573_8824377895886533856_o

მასალების გადაბეჭდვის წესი